“სააკაშვილის გამოქვეყნებული ბილეთი ციხისკენ იქნება თუ მორიგი ფეიკი, ეს მის გამომქვეყნებელზე იქნება დამოკიდებული” – ირაკლი ქადაგიშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკის შინაარსია, რამენაირად სამოქალაქო დაპირისპირება გააღვივოს.

როგორც ჟურნალისტებს ქადაგიშვილმა განუცხადა, სააკაშვილს ჰყავს მომხრეები, მაგრამ გაცილებით მეტი მოწინააღმდეგე. დეპუტატის თქმით, სააკაშვილის განცხადება არის პოლიტიკური შოუ და არჩევნების დღე იმიტომ აირჩია, რათა რამენაირად სტიმული მისცეს თავის ამომრჩეველს, არჩევნებზე მივიდნენ; მისივე თქმით, სხვა თვალსაზრისით ოპოზიციას წინასაარჩევნო კამპანია ჩავარდნილი აქვს, მათ არანაირი პოზიტიური კამპანია არ გააჩნიათ.

„თუ ჩამოვა, მას კონკრეტული სამართლებრივი გადაწყვეტილება ელოდება. პრემიერმა თქვა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდება და დაკავებული იქნება. ის, რომ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ მოწოდებული არიან, ქვეყანაში დესტაბილიზაცია და არეულობა იყოს, ეს ახალი არ არის. მისი მხრიდან ბილეთის გამოდება წყალწაღებულის ხავსზე მოჭიდებასავით არის. ვნახოთ, ეს ბილეთი ციხისკენ იქნება, თუ მორიგი ფეიკდაპირება. ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას დიდი ყურადღებით ვეპყრობით. მათ შორის ანგარიშს ვუწევდით და ვუწევთ საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციებს, მაგრამ, როგორც იტყვიან, ეს მხოლოდ ცალმხრივი მოძრაობისთვის არ არის. როცა სხვა მხარე ანგარიშს არ უწევს სტაბილურობის შენარჩუნებას და ჯიუტად ცდილობს თავისი დანაშაულებრივი პოლიტიკა კვლავ გაამძაფროს, ამას ერთხელ, ოდესღაც თავისი ლოგიკური დასასრული ექნება. შესაბამისად, სააკაშვილის ბილეთი ციხისკენ იქნება თუ მორიგი ფეიკი, ეს მის გამომქვეყნებელზე იქნება დამოკიდებული.

ოპოზიციის მცდელობა, რომ სააკაშვილი პასუხისმგებლობისგან დაიცვან, თავის შედეგს ვერ მიაღწევს. უნდა გვახსოვდეს, რომ სააკაშვილს ჰყავს მომხრეები და გაცილებით მეტი მოწინააღმდეგე. სააკაშვილის პოლიტიკის შინაარსია რამენაირად სამოქალაქო დაპირისპირება გააღვივოს. მეტი სხვა მიზანი ამ ადამიანს არ გააჩნია. მისი ამოცანაა, იქნებ, ქვეყანაში დაპირისპირებამ დესტაბილიზაცია მოახდინოს. მათ ამ გეგმის განხორციელების უფლებას არ მივცემთ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

მსგავსი თემები