“პროვოკაციებს უნდა ვუპასუხოთ მშვიდად და არჩევნებამდე დარჩენილი რამდენიმე დღე მოვითმინოთ” – პრემიერი

მაქსიმალურად მშვიდად უნდა გავიაროთ არჩევნებამდე დარჩენილი რამდენიმე დღე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, ხელისუფლება საზოგადოებას დემოკრატიულ არჩევნებს პირდება.

„ჩვენ აბსოლუტურად მშვიდ და დემოკრატიულ არჩევნებს ვპირდებით ჩვენ საზოგადოებას და ჩვენ პარტნიორებს. ჩვენი ამბიცია არის, რომ სანიმუშო არჩევნები ჩავატაროთ და ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება ისე, რომ შემდეგი 3 წელი ქვეყანაში აღარ იყოს ქაოსი, რყევები და დესტაბილიზიაცია, რომლის მოწყობაც ჩვენს ოპონენტებს სურთ.

საარჩევნო კამპანია მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და ჩვენმა პარტიამ ყველა მუნიციპალიტეტში უმაღლეს დონეზე ჩაატარა საარჩევნო კამპანია და ჩვენს ოპონენტებს არ მივცემთ საშუალებას, რომ რაიმე პროვოკაციები მოაწყონ. რა თქმა უნდა, ერთი-ორი გამონაკლისი იყო, სამწუხაროა ძალადობის ფაქტები და დმანისის მოვლენები. მიუღებელია ყოველგვარი ძალადობა. არ აქვს მნიშვნელობა ეს ვისგან იყო პროვოცირებული და დაგეგმილი, ჩვენ პროვოკაციებს უნდა ვუპასუხოთ მშვიდად. მაქსიმალურად მშვიდად უნდა გავიაროთ ეს რამდენიმე დღე. ერთი კვირა დარჩა არჩევნებამდე და ჩვენ მშვიდად, მობილიზებულად და მტკიცედ უნდა ჩავატაროთ არჩევნები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, უშუალოდ დმანისში მომხდარ შემთხვევაზე საუბრისას პრემიერმა აღნიშნა, რომ პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა.

„ეს უკავშირდება დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან პროვოცირებულ ქმედებებს. ჩვენ ამ პროვოკაციებს უნდა ვუპასუხოთ მშვიდად და რამდენიმე დღე მოვითმინოთ“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები