ელიავას ბაზრობის დაზარალებულს ზარალი სრულად აუნაზღაურდებათ

თბილისში, ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებისთვის კომპენსაციას სადაზღვევო კომპანია “ალფა” გასცემს. კომპანიის ბენეფიციარი 63 მეწარმეა. დაზღვეულია თავად ბაზრობა და მისი ტერიტორია.

როგორც „ალფას“ გენერალურმა დირექტორმა კახაბერ დიასამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბაზრობას, ადმინისტრაციას და თითოეულ ბენეფიციარს მაქსიმალურად მოკლე ვადებში აუნაზღაურებენ დანაკარგს.

„ბაზრობა და მისი მეწარმეები, ვინც აქ საქმიანობდნენ, „ალფაში“ არიან დაზღვეული. შესაბამისად, „ალფას“ ხელმძღვანელობა მოტივირებულია, რომ ყველა ის დანაკარგი რაც ამ შემთხვევით დაუდგათ, თითეულ მათგანს მაქსიმალურად ოპერატიულად აანაზღაუროს იმ ფარგლებში, რაც შეესაბამისი კონტრაქტით იყო გათვალისწინებული“, – განაცხადა კახაბერ დიასამიძემ.

აგლაძის ქუჩაზე, „ელიავას“ ბაზრობაზე ხის მასალების მაღაზიებს ცეცხლი დღეს გამთენიისას გაუჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების სააგენტოში აცხადებენ, დამწვარია დაახლოებით 800 კვ. მ. ფართობი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.​ ადგილზე მუშაობდა 18 სახანძრო -სამაშველო ჯგუფი. უსაფრთხოების მიზნით, 2 სახანძრო ეკიპაჟი ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩება.

მსგავსი თემები