ციციშვილის კლინიკის რეანიმაციაში 21 ბავშვი იმყოფება, სამის მდგომარეობა მძიმეა

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის განცხადებით,  21 ბავშვიდან, რომელიც კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, სამი  პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. კლინიკაში არსებულ ვითარებაზე მაია ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

„კლინიკაში 100-ზე მეტი პაციენტია, ეს პაციენტები მშობლებთან ერთად არიან მოთავსებული. რეანიმაციაში 21 პაციენტი წევს და აქედან სამის მდგომარეობა მძიმეა. ისინი უკვე სამ კვირაზე მეტია, მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. ერთ-ერთი მათგანი ჩვილია, რომელიც სხვა კლინიკიდანაა გადმოყვანილი. ამ პაციენტს ბევრი თანმხლები დაავადება აქვს. მეორე ქუთაისიდან ჩამოყვანილი ბავშვია, რომელიც 15 წლისაა. მესამე ბავშვი სამწუხაროდ, უკვე ოთხი წელიწადია, კომატოზურ მდგომარეობაშია. ის სხვა კლინიკაში მკურნალობდა, მართვით სუნთქვაზე იყო და იქ დაემართა კორონავირუსული ინფექცია. ამის გამო გადმოიყვანეს ჩვენს კლინიკაში. ამ ბავშვის მდგომარეობაც, რასაკვირველია, მძიმეა“ – განაცხადა მაია ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.  

როგორც ექიმმა განმარტა, ჩვილების დაინფიცირება ოჯახური კონტაქტების შედეგად ხდება.

„ზოგადად, ბავშვები, ჩვილები და ახალშობილები ძირითადად ოჯახური კონტაქტებით ავადდებიან, რადგან მათ სხვა შეხება არ აქვთ, ეს ბავშვები მხოლოდ ბინაში არიან. აქედან გამომდინარე, თუ მშობლების შეგნება მივა იქამდე, რომ ახალშობილს არ გადასდონ კორონავირუსი, კარგი იქნება და მოხარული ვიქნებით. ძირითადად, მათი ავადობის წყარო ოჯახის წევრები არიან“, – განაცხადა მაია ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები