პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით კახეთში, გურიაში და აჭარაში სტიქიით მიყენებულ ზარალს საქართველოს მთავრობა აანაზღაურებს

საქართველოს მთავრობის 22 სექტემბრის  განკარგულებით, რომელსაც ხელს პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი აწერს,  ყვარლის მუნიციპალიტეტს დამატებით გამოეყო 1 მილიონი ლარი, რომელიც  26 აგვისტოს ყვარელსა და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში გავაზში, შაქრიანში, კუჭატანში, გრემსა და შილდაში სტიქიის შედეგად დაზიანებული ასი საცხოვრებელი სახლის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოების მოხმარდება.

ამის შესახებ ადგილობრივებს საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი შიოშვილმა და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ სესიაშვილმა გააცნო. ისინი ყვარლის მუნიციპალიტეტის იმ სოფლებში იმყოფებოდნენ, სადაც გასულ თვეს სტიქიამ მოსახლეობის სახლები დააზიანა.

 „მოგეხსენებათ გასულ თვეს კახეთში მომხდარმა სტიქიამ ყვარლის მუნიციპალიტეტი განსაკუთრებით დააზარალა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ყვარლის მუნიციპალიტეტისთვის დამატებით ერთი მილიონი ლარი გამოიყო, რომელიც დაზიანებული სახლების აღდგენას მოხმარდება. შეგახსენებთ, რომ სტიქიისთვის აქამდე საქართველოს მთავრობამ მილიონ ნახევარი ლარი უკვე გამოყო დღეს კი დამატებით თანხის მობილიზება მოხდა“-განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.

მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი აჭარის და გურიის რეგიონში მომხდარ  სტიქიასაც გამოეხმაურა, მისი ინფორმაციით, პრემიერის გადაწყვეტილებით   დაზარალებულ მოსახლეობას საქართველოს  მთავრობა დაეხმარება, მოხდება ყველა იმ დაზიანებული სახლის აღგენა, რომელსაც სტიქიამ მიაყენა ზიანი.

„მინდა გამოვეხმაურო გურიაში და აჭარაში განვითარებულ მოვლენებს, ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმებით ადგილობრივმა მთავრობამ დაუყოვნებლივ დაიწყო სამუშაოები, ჩართულია  ყველა შესაბამისი უწყება, მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, მე ვესაუბრე პრემიერ-მინისტრს  და იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ დაზიანებული სახლების რეაბილიტაცია და მათი აღდგენითი სამუშაოები დაფინასდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მინდა ვუთხრა მოსახლეობას რომ არცერთი მოქალაქე არ დარჩება ყურადღების მიღმა მათ ექნებათ  მაქსიმალური გვერდში დგომა მთავრობის მხრიდან,“- განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.

მსგავსი თემები