ლენტეხის მუნიციპალიტეტსა და თბილისში იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს, ქვემო სვანეთსა და თბილისში, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს და სამი პირი დააკავეს.

1974 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ც.ზ.-ს, 1963 წელს დაბადებულ ხ.ხ.-სა და 1990 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ დ.ტ.-ს ბრალი ედებათ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვაში.

„იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიბში, დაკავებული ც.ზ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, „ბერეტას“ ტიპის პისტოლეტი, მჭიდი და ექვსი საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ მუწდში, დაკავებული ხ.ხ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, პოლიციის მიერ ამოღებულია სანადირო თოფი, პისტოლეტი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ხიშტდანა, სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 10 მჭიდი და 530 საბრძოლო ვაზნა.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დაკავებული დ.ტ.-ის საცხოვრებელ სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს: „აკ-74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ორი მჭიდი და 36 საბრძოლო ვაზნა“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები