ვატო შაქარიშვილი მედიისთვის ცენზურის დაწესებას ითხოვს

საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ვატო შაქარიშვილი მედიისთვის ცენზურის დაწესების ინიციატივით გამოდის.მისი თქმით, “მედიაში უნდა აიკრძალოს ცილისწამება, ადამიანებზე ფსიქოლოგიური ძალადობა და ყალბი ამბების გავრცელება”.

„TV პირველი“, „მთავარი არხი“ და „ფორმულა“ – სამი ტელევიზია მიზანმიმართულად, ყველანაირი ბინძური მეთოდით, მედია სტანდარტების და ეთიკური ნორმების დარღვევით ებრძვის ქართულ სახელმწიფოს და ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას.

მათთვის მიუღებელია ნებისმიერი ალტერნატიული აზრი. სამივე ტელევიზიის მენეჯმენტი და დამფინანსებლები სხვადასხვა მძიმე დანაშაულებში არიან ბრალდებულები. ისინი მოპარული და კორუფციული „შავი ფულით“ აფინანსებენ ამ ტელევიზიებს. ცოტა ხნის წინ ე.წ. მედია რევოლუციონერებიც ვიხილეთ, რომლებიც ღიად მოუწოდებდნენ ადამიანებს ხელისუფლების დამხობისკენ, ითხოვდნენ სასულიერო პირების გაპარსვას და დაპატიმრებას. ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს კანონის და რეგულაციების გამკაცრების გზით.

კონკრეტულად, საფრანგეთმა უზრუნველყო საკუთარი მოსახლეობის დაცვა ყალბი ამბებისგან. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ევროპული პრაქტიკა და კანონით უნდა განისაზღვროს სანქციები მედიის მხრიდან ადამიანის შეურაცხყოფაზე, ცილისწამებასა და ყალბი ამბების მიზანმიმართულ გავრცელებაზე. ეს უნდა იყოს მნიშვნელოვანი ფულადი ჯარიმები, ხოლო განმეორების შემთხვევაში – მაუწყებლობის შეზღუდვაც კი. სხვაგვარად შეუძლებელია არსებული მედია სტანდარტის გაუმჯობესება“, – აღნიშნა შაქარიშვილმა.

მსგავსი თემები