დღეიდან გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე მსოფლიო ლიდერები წარდგებიან

  •  

დღეიდან გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე მსოფლიო ლიდერები წარდგებიან. ნიუ იორკში, გაერო-ს შტაბბინაში დაგეგმილ ღონისძიებებში მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში 70-ზე მეტი ლიდერი, 30 ქვეყნის მთავრობის მეთაური და 20 საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღებს მონაწილეობას. წელს გაერო-ს ასამბლეა ჰიბრიდულ, ანუ ნახევრად დისტანციურ რეჟიმში იმართება.

უმაღლესი რანგის სტუმრების მიერ განსახილველ თემებს შორის იქნება „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან ბრძოლა, კლიმატის ცვლილებები, მწვანე ენერგეტიკაზე გადასვლა და საერთაშორისო პოლიტიკის აქტუალური თემები.

პირველ დღეს სტუმრებს სიტყვით მიმართავენ თურქეთის, მექსიკის, სამხრეთ კორეისა და პოლონეთის პრეზიდენტები.

აშშ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ნიუ იორკში ჩავა და გაერო-ს ტრიბუნასთან სიტყვით გამოვა. 22 სექტემბერს ბაიდენი ვირტუალურ ფორმატში გამართავს სამიტს, რომლის მთავარი თემა პანდემიასთან ბრძოლა იქნება.

გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე განხილვის კიდევ ერთ თემად ავღანეთში შექმნილი სიტუაცია სახელდება. საერთაშორისო თანამეგობრობა მსჯელობს, როგორ უნდა დაეხმაროს ავღანელ ხალხს.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ლიდერები ისაუბრებენ, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის მიერ გაფორმებულ უსაფრთხოების პაქტს ეხება. ამ შეთანხმებას მკაცრად აკრიტიკებს საფრანგეთი, რომლის პრეზიდენტიც ასამბლეის მონაწილეებს არ მიმართავს. მაკრონის ნაცვლად ამას საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი გააკეთებს.

დისტანციურად წარდგება გაერო-ს ასამბლეაზე ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისიც.

ამასთან, დაგეგმილი ღონისძიებების გამო, ნიუ იორკში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. შეზღუდულია ავტომობილების გადაადგილება. გაერო-ს შენობასთან მიახლოება კი მხოლოდ აკრედიტაციის მქონე პირებს შეუძლიათ.

მსგავსი თემები