„6 სექტემბრის დილას, ავტოავარიის შედეგად ჩემი ძმის, პაატა მახარაძის სიცოცხლე შეჩერდა“ – ცნობილი მევიოლინე ბელა მახარაძე

„მე რომ მოვკვდები, ნუ დამიტირებთ – არა ვარ ღირსი, მიდნორს მიმაგდეთ, ლეშს ფრინველი ჭამს – ხვედრია მისი, სულზე ილოცეთ, ცოდვა ბევრი მაქვს – ჩემი თუ სხვისი, მოინანიეთ, არ დაიზაროთ – ხსნის გზაა ვიცი“ – ეს გახლავთ პაატა მახარაძის ანდერძი, რომელმაც სიცოცხლე 6 სექტემბერს ავტოავარიის შედეგად დაასრულა.

პაატა მახარაძე გახლდათ გერმანიაში მოღვაწე მევიოლინე ბელა ბერკემერ-მახარაძის ძმა. ბელა მახარაძე გარდაცვლილ ძმას იხსენებს და მის ანდერძსაც გვიზიარებს.

„თავზარდამცემი მწუხარება, რომელსაც ბედნიერების წამში დამარცხება ძალუძს და რომელიც მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასა და ჯოჯოხეთში მოგზაურობას უფრო წააგავს, ვიდრე იმ რეალობას, რომელზეც გინდა თუ არა, თვალის გასწორება გიწევს. რაც თავი მახსოვს, ბავშვობის წლებიდან მოყოლებული, მთელი ჩემი განვლილი ცხოვრება ბედნიერ წუთებს უკავშირდება და ნამდვილად ვერასდროს დავიჯერებდი, რომ ერთი ავბედითი დღე, საათი, წუთი და წამი განსაზღვრავდა აი ამ ბედნიერი ცხოვრების დაპაუზებას, გაცამტვერებას.

6 სექტემბრის დილას, ავტოავარიის შედეგად ჩემი ძმის, პაატა მახარაძის სიცოცხლე შეჩერდა და ასე მეგონა, მასთან ერთად ჩემიც, რადგან ისე ძლიერ მიყვარდა ის… მზად ვიყავი, რომ ჩემი სიცოცხლე დამეთმო მისთვის, მაგრამ სამწუხაროდ არავინ მკითხა. მზად ვიყავი, თუ საჭირო გახდებოდა, ჩემი მარცხენა ხელი მისთვის მეჩუქებინა და კიდევ უამრავი ორგანო, რისი გაყოფაც შეიძლებოდა, ოღონდაც შესაძლებლობა მომცემოდა მისთვის ჩემი სიყვარული და ერთგულება დამემტკიცებინა და ამით მისი სიცოცხლე გამეგრძელებინა, მაგრამ არ მომეცა ამის საშუალება.

პაატა არასდროს ყოფილა უბრალო მოკვდავი, რადგან ყველაფერ სიკეთესთან ერთად და უპირველეს ყოვლისა, ის ადამიანობის ეტალონი გახლდათ, უკეთილშობილესი, გულისხმიერი, ერთგული, მიმტევებელი, უზომოდ განათლებული, ადამიანებზე თავდავიწყებით შეყვარებული, ფილოსოფიური პოეტი და საღად მოაზროვნე კაცი, რომელთანაც დაჯდომა და საუბარი არასოდეს მოგწყინდებოდა და კიდევ უბრალოდ სიტყვის კაცი, რომელსაც ჯერ კიდევ ბევრის გაკეთება შეეძლო ამქვეყნად, რომ დასცლოდა რა თქმა უნდა. 27 წლის წინ გახდა პაატა ვეგეტარიანელი და ეს ყველაფერი დიდი რწმენის გამო.

ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდამ, სტუდენტმა კაცმა მიაშურა ტაძარს, ლოცვების წიგნი აიღო ხელში და ქართველების კარგად ყოფნას ავედრებდა უფალს. გამოშვებული ორი წიგნიდან (ასევე ახალი ლექსებიდან, რომელიც ჯერ არ არის დაბეჭდილი) ყოველ მესამე ლექსს, უფალს, ანგელოზებს ან იმქვეყნიურ ცხოვრებას უძღვნის და სწორედ ამიტომ არის მისი პოეზია განსაკუთრებული და დამაფიქრებელი. ოცნებობდა, რომ ჩვენ, მისი ოჯახი და მთლიანად საქართველო უფლის სიყვარულით გაძლიერებული და გაბრწყინებული ენახა და მატერიაზე ნაკლებად გვეფიქრა ყველას.

მიუხედავად იმისა, რომ ბართოლომეო (პაატას ფსევდონიმი გამოცხადების შედეგად) ღმერთის კაცი გახლდათ ამიერში… მთელი ცხოვრება მან შინაგან საქმეთა სამინისტროში გაატარა და ზედმიწევნით პატიოსნად ემსახურა თავის სამშობლოს. ბედნიერი ვარ, რომ 46 წელი მქონდა უფლება და შესაძლებლობა მისი დაიკო ვყოფილიყავი და მეამაყა მისით. პაატა ნამდვილად შეუფასებელი და აუწონავი სიმდიდრე გახლდათ ჩემთვის, რომელიც წამში დავკარგე.

რაზე მწყდება გული? – რაზე და… როდესაც საქართველოში ვიყავი, ყოველ დღეს მასთან ერთად არ ვატარებდი და ყოველ წუთს ვერ ვაგრძნობინებდი მას, თუ რა ძლიერ მიყვარდა და მჭირდებოდა იგი. არ ვიცი ზუსტად სად მოგზაურობს ამწუთას მისი სული და როდის მივა ის უფალთან, მაგრამ 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ ის აუცილებლად იქნება უფლის საყვარელი შვილი და ჩვენი, მისი ოჯახისა მისთვის საყვარელი ადამიანების მფარველი ანგელოზი. პაატა არ მომკვდარა, ის გარდაიცვალა და ჩვენ მას აუცილებლად მალე შევხვდებით” – ბელა ბერკემერ-მახარაძე.  

მსგავსი თემები