ამირან გამყრელიძე „ალმას“ მიმართავს, ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერი დაუყოვნებლივ აღადგინოს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრში მეორედ აკეთებენ განცხადებას და აღნიშნავენ, რომ დაუშვებელია, ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერების სხვა ბანერებით ჩანაცვლება, რაც ქალაქში მოხდა.

ამირან გამყრელიძე კომპანია „ალმას“ ოფიციალური წერილით მიმართავს, რომ დაუყოვენბლივ დააბრუნოს ის ბანერი, რომელიც ვაქცინაციის წამახალისებელი შინაარსის იყო.     

„18 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ გარე ბილბორდებზე განთავსებულ ბანერებზე, რომელიც მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებდა, მოხდა სხვა შინაარსის ბანერების განთავსება. რასთან დაკავშირებითაც, ეროვნულმა ცენტრმა, იმავე დღეს სოციალური ქსელით გააკეთა სათანადო განცხადება. გვინდა შეგახსენოთ, რომ ეროვნული ცენტრი არის იმუნიზაციის მთავარი მხარდაჭერი ქვეყანაში, ამ მიზნით, იყენებს სხვადასხვა სახის საინფორმაციო და სოციალური მედიის საშუალებებს და მოუწოდებს მოსახლეობას აცრისკენ, რათა დაიცვან საკუთარი და მათი შვილების ჯანმრთელობა. ამ ფონზე, განსაკუთრებული როლი ენიჭება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მხარდამჭერ მოწოდებებს ქვეყნის მასშტაბით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად აიცრას ქვეყნის მოსახლეობა, დაცული იყოს მათ სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ვინაიდან, კოვიდ პანდემიის დასრულების ერთადერთი გზა გადის მხოლოდ საყოველთაო ვაქცინაციაზე“ – განმარტავს გამყრელიძე.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ვაქცინაციის ბანერების დაუყოვნებლივ აღდგენას ითხოვს.

„ბანერების შეცვლის თაობაზე, ინფორმაციის წინასწარ ქონის შემთხვევაში, ეროვნული ცენტრი ყველა შესაძლო საშუალებას გამოიყენებდა, უპირობოდ გაგრძელებულიყო ბანერების განთავსების ყველა საჭირო ღონისძიება და მომხდარიყო ვაქცინაციის პოპულარიზაცია მოსახლეობის სიცოცხლის გადასარჩენად.

მოგიწოდებთ, უზრუნველყოთ გარე ბილბორდებზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მხარდამჭერი შინაარსის შემცველი ბანერების დაუყოვნებლივ აღდგენა, ვინაინდან პანდემიის პერიოდში სწორედ იმუნიზაცია არის პანდემიის დასრულების საშუალება“,-განმარტავს გამყრელიძე.

მსგავსი თემები