გახარიას მტკიცებით, მას ნარკოტესტთან დაკავშირებით პროვოკაციას უმზადებდნენ და მისი „ნარკოდამოკიდებულება“ თანაგუნდელებს უნდა დაედასტურებინათ

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის და თბილისის მერობის კანდიდატის, გიორგი გახარიას განცხადებით, მას ნარკოტესტთან დაკავშირებით სერიოზულ პროვოკაციას უწყობდნენ, თუმცა, კეთილი ადამიანების დახმარებით, მან ამ საფრთხეს თავი აარიდა.

„ვამბობ იმას, რაც დაზუსტებით ვიცი და რა ინფორმაციაც გვაქვს. ეს იყო თავიდან ბოლომდე დაგეგმილი სპეცოპერაცია, სპეცღონისძიება, რომლის ეტაპებსაც მოგიყვებით. თავიდან, ეს იყო მოულოდნელი ჯანსაღ ცხოვრებაზე ზრუნვა, ტესტის ჩაბარება, შემდგომ, რა თქმა უნდა – ლოგიკურად იყო გათვლილი, რომ მე ადამიანი, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში არანაირი შეხება ნარკოტიკებთან არ მქონია, თავისუფლად ავდგებოდი, მივიდოდი და ჩავაბარებდი ტესტს. სწორედ ამიტომ, ღირსეულმა კეთილსინდისიერმა თანამშრომლებმა გაგვაფრთხილეს და გვითხრეს, რომ პროვოკაცია მზადდება ამ ტესტთან დაკავშირებით და შეიკავეთ თავი“, – განუცხადა გახარიამ ჟურნალისტებს.

მისივე განმარტებით, ამ პროვოკაციაში მისივე თანაგუნდელების ჩათრევის მცდელობაც ჰქონდათ.

„მე მივიდოდი, ამ პროვოკაციის შედეგად რაღაცას ამომიგდებდნენ. მეორე მხარეს რა მზადდებოდა – ჩემი უახლოესი გარემოცვის წევრებს დიდი ხანია უკვე, რომ ემუშავებიან და დღესაც ემუშავებიან ზეწოლით, სხვადასხვა ინსტრუმენტებით, ზოგს ემუქრებიან, ზოგს მოსყიდვის საშუალებით, ადამიანებზე ზემოქმედებას ცდილობენ იმისთვის, რომ მათ ვითომ დაადასტურებინონ ეს ცილისწამება ჩემთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია ჩვენ საკმაოდ ბევრი გვაქვს. ეს სად და რომელ კაბინეტში დაიგეგმა ზუსტად ვიცით და ვიღაცებს რომ ჰგონიათ, მხოლოდ სხვა პარტიული ოფისებიდან ჟონავს ინფორმაცია, ყველაზე მეტად ინფორმაცია ჟონავს ორგანიზაცია „ოცნებიდან“ – აცხადებს გიორგი გახარია.

მსგავსი თემები