ე.წ.ფარული ჩანაწერები – პროკურატურაში ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია გამოკითხვაზე იმყოფებოდა

ე.წ.ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით თბილისის პროკურატურაში ტელეწამყვანი ინგა გრიგოლიას გამოკითხვაზე იმყოფებოდა. ჟურნალისტმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, რომ პროკურატურაში მისი მისვლის მიზანია, გაარკვიოს, თუ რა მიმართულებით მიმდინარეობს გამოძიება.

ინგა გრიგოლია უწყებაში ადვოკატ ლევან მახარაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

“რადგან ამ დოზით კონტროლდება საზოგადოების ყველა აქტიური წევრის საუბარი, მიმოწერა, რადგან ამ დოზით ხდება მათი მიყურადება, ეს არის პირდაპირი გზა ურთიერთდაპირისპირებისკენ. ჩემი აზრით ეს სანახაობა დადგა ხელისუფლებამ, სხვას, როგორც გავარკვიე, არ ხელეწიფება წვდომა ჰქონდეს ამ ტიპის ფაილებზე,” – აცხადებს ინგა გრიგოლია. 

ფარული ფაილები, რომელშიც, სავარაუდოდ, სასულიერო პირების პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციაა მოცემული, ინტერნეტში აღარ იძებნება. ბმული, სადაც ფაილები იყო განთავსებული სხვადასხვა მედიასაშუალებამ 13 სექტემბერს ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღო. ფაილებში წარმოდგენილია ფარული მიყურადებით მოპოვებული წერილობითი ინფორმაცია სასულიერო პირების, მათ შორის, მათი პირადი ცხოვრების შესახებ. ზოგიერთი ინფორმაცია შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც. საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს.

მსგავსი თემები