„სიცრუეზეა აგებული, ნაწილში სიცრუე და სიმართლეა აღრეული“ – საპატრიარქო სასულიერო პირების თვალთვალზე

  •  

საქართველოს საპატრიარქო მედიაში გავრცელებულ ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ფაილებთან დაკავშირებით, სადაც საკმაოდ დიდი ნაწილი სასულიერო პირებს ეხება, განცხადებას ავრცელებს. როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, ფაილების დიდი ნაწილი სიცრუეზეა აგებული, ნაწილი კი სიცრუისა და სიმართლის ნაზავია.
საპატრიარქოს განცხადებას „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ“
„ა.წ. 14 სექტემბერს, საეკლესიო ახალი წლის დღეს, ჭყონდიდის მიტროპოლიტ სტეფანეს (კალაიჯიშვილი) ფიზიკურად შეეხნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მიტროპოლიტ პეტრე ცაავას მხარდამჭერებმა, გარკვეული დანაშაულის გამო რამდენიმე თვის წინ საეკლესიო წესით სასჯელდადებულმა სასულიერო პირებმა, რომლებმაც სცადეს, არ შეეშვათ მღვდელმთავარი სასწავლებელში იმ მოტივით, რომ ბოლო დროს გავრცელებული ფაილების მიხედვით, თითქოს მას აქვს ზნეობრივი ხასიათის დარღვევები, რაც უსაფუძვლო, ცრუ ბრალდებაა.
საზოგადოებამ მათი სახით იხილა ძალადობის, უტიფრობისა და კადნიერების მაგალითი, რომელიც სჯულის კანონით მკაცრად ისჯება. ამასთან დაკავშირებით და განვითარებულ მოვლენებზეც გვინდა ვთქვათ შემდეგი:
გავრცელებულ ფაილებში დიდი ნაწილი, როგორც ჩანს, სიცრუეზეა აგებული, ნაწილში სიცრუე და სიმართლე არის აღრეული (სავარაუდოდ შეგნებულად), ზოგიერთი კი სიმართლესაც შეიცავს. სწორედ ეს სიმართლე არის ის საშუალება, რომლითაც მავანთ სურთ, მტყუან-მართალიც და სრული სიცრუეც სიმართლის სახით შესთავაზონ საზოგადოებას. ან, ყოველ შემთხვევნაში, ხალხს ეჭვის საფუძველი მაინც გაუჩინონ.
როგორც აცხადებენ, თუ ფაილები არასანქცირებული მოსმენებით არის შექმნილი და თანაც მათში სიმართლე მხოლოდ ნაწილობრივია, მათი გამამყარებელი დოკუმენტური მასალის წარმოდგენის შემთხვევაშიც დიდია ალბათობა იმისა, რომ ფაბრიკაციას ჰქონდეს ადგილი, მითუმეტეს, თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში და იმ დაპირისპირების გათვალისწინებით, რასაც წლებია ეკლესიის წინააღმდეგ ახორციელებენ გარკვეული ძალები. ამიტომაც, ასეთი ჩანაწერების ავთენტურობაც აუცილებლად დასადგენი იქნება.
ნიშანდობლივია ისიც, რომ სწორედ ეკლესიისადმი უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ტელევიზიები ახდენენ ფარული, არასანქცირებული მოსმენების ტირაჟირებას, რითაც ხელს უწყობენ უსაფუძვლო ეჭვების გაჩენასა და მოსახლეობაში უნდობლობის დათესვას, არ ერიდებიან ადამიანებისთვის დიდი ტკივილისა და შეურაცხყოფის მიყენებას.
სატელევიზიო და ინტერნეტ სივრცეში ასეთი მასალის გავრცელება, თანაც საკუთარი ინტერპრეტაციით, არც ეთიკურია და არც კანონიერი, მიუხედავად იმისა, ავთენტურია თუ არა ფაილები.
ყველას კარგად გვახსოვს, როგორი მწვავე რეაქცია ჰქონდათ ტელევიზიებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს მათი მისამართით განხორციელებულ ფარულ ჩანაწერებზე, ახლა კი როდესაც თვითონვე ავრცელებენ უკანონო ინფორმაციებს, ამის თაობაზე არ იღებს ხმას ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, სახალხო დამცველი, არასამთავრობო სექტორი, საერთაშორისო ორგანიზაციები, ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლობები… სათანადოდ არ რეაგირებს არც ხელისუფლება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციისა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს გაცემა, აგრეთვე, პერსონალური მონაცემების უკანონოდ შენახვა, გამოყენება, გავრცელება არის დასჯადი; ასევე დასჯადია კერძო კომუნიკაციის, პირადი მიმოწერის, სატელეფონო საუბრის გასაჯაროება (მუხლი 157, 1571, 158,159);
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული, წესით კარგად უნდა იცოდნენ მედიასაშუალებების ხელმძღვანელებმა, მაინც აგრძელებენ გაურკვეველი წარმომავლობის, შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელებას.
ეს არის, როგორც წინა საარჩევნო პროცესში ეკლესიის ჩართვის, ასევე არეულობის გამოწვევისა და ქვეყნისთვის სერიოზული პრობლემების შექმნის მცდელობა.
უმნიშვნელოვანესია მომხდარი დანაშაულის დროულად გამოძიება. ეს, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოებისა და ღირსების საქმეა. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე პროცესებს და გვექნება შესაბამისი რეაგირება მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში.
საქართველოს და საქართველოს ეკლესიას მრავალი განსაცდელისთვის გაუძლია და, ღვთის წყალობით, ამასაც გადავიტანთ. ჩვენი ხალხი გონიერია და არჩევს, სად არის სიკეთე და სად, – შეფარული ბოროტება. ამასთან, სიმართლე ბოლოს ყოველთვის იმარჯვებს და სხვისთვის ორმოს მთხრელი ხშირად თვითონვე ვარდება მასში“ – ვკითხულობთ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

მსგავსი თემები