„ჩავარდა კომატოზურ მდგომარეობაში და გონს მოუსვლელად გარდაიცვალა“ – პროკურატურის ერთ-ერთი ბრალდება

ყოფილ მაღალჩინოსან მეგიზ ქარდავას, რომლის ექსტრადირება საქართველოში დღეს განხორციელდა და რომელიც  ხუთ საქმეში ბრალდებულია, ერთ-ერთი საქმე სერგო თეთრაძის გარდაცვალებაა. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, წამების გამო, სერგო თეთრაძე კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა.   

„მ.ქ.-ს მიმართ ასევე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი სერგო თეთრაძის საქმეზე, პატიმართა მიმართ განხორციელებული წამების, წამების ორგანიზების, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ორგანიზების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 138-ე, 143-ე, 1441-ე და 333-ე მუხლებით, ხოლო სასჯელის სახედ და ზომად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით განსაზღვრული აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2011 წლის სექტემბერში, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მ.ქ.-მ, სხვა პირებთან ერთად, თითქოსდა ჯაშუშობაში მხილებულ სამ სამხედრო მოსამსახურეს, რომელთა შორის იყო სერგო თეთრაძე, 4-5 საათის განმავლობაში განუწყვეტლივ სცემდა და დამამცირებლად ეპყრობოდა, ემუქრებოდა მოკვლით, აყენებდა ძლიერ ფიზიკურ და მორალურ ტანჯვას. ამასთან, მ.ქ.-მ განახორციელა სერგო თეთრაძის წამებისა და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ორგანიზება მისგან სასურველი ინფორმაციისა და აღიარების მიღების მიზნით. სერგო თეთრაძე, განხორციელებული წამებისა და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების შემდეგ, ჩავარდა კომატოზურ მდგომარეობაში და გონს მოუსვლელად გარდაიცვალა  სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N18 სამკურნალო დაწესებულებაში“ – განმარტავენ პროკურატურაში.

მსგავსი თემები