წმინდა სინოდი ფარული ჩანაწერების თემას განიხილავს? – ბოტკოველი განმარტებას აკეთებს

გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საპატრიარქოში განცხადება ,სავარაუდოდ, ორ დღეში გაკეთდება. ამის შესახებ პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა.

რაც შეეხება წმინდა სინოდის სხდომის მოწვევას, როგორც ბოტკოველი ამბობს, სხდომა ამ ეტაპისთვის არ იგეგმება.

„წმინდა სინოდის სხდომასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირი კონტურები არ გამოკვეთილა. რაც შეეხება განცხადებას, განცხადება იქნება შეფასება ამ საკითხებთან დაკავშირებით. სჯობს, დაველოდოთ საპატრიარქოს ოფიციალურ განცხადებას, უახლოეს ორ დღეში სავარაუდოდ განცხადება იქნება და ზოგად შეფასებას გავაკეთებთ.

პირველად იქნება ზოგადი შეფასება, რადგანაც ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მოვისმინეთ, რომ დაიწყო გამოძიება ამ ფარულ გადაღებებთან და მის გარეთ გამოტანასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.

ცნობისთვის, ბმული, სადაც ფაილები იყო განთავსებული, სხვადასხვა მედიასაშუალებამ 13 სექტემბერს, ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღო. ფაილებში წარმოდგენილია ფარული მიყურადებით მოპოვებული წერილობითი ინფორმაცია სასულიერო პირების, მათ შორის, მათი პირადი ცხოვრების შესახებ. ზოგიერთი ინფორმაცია შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც.

ერთ-ერთი ჩანაწერი მეუფე ნიკოლოზსაც ეხება, რომელშიც ნათქვამია, რომ „მეუფე ნიკოლოზი რუსეთს ფულის სანაცვლოდ ინფორმაციას აწვდიდა“. ამ საკითხზე მან მედიასთან განაცხადა: „ყველამ იცოდა, რომ ამ ადამიანთან (ლოლიტა დანილინასთან) ვურთიერთობდი, სააკაშვილსაც გავაცანი“.

მსგავსი თემები