“კიბიდან როგორ შეიძლება დაგორდე, როდესაც მოაჯირზე ხარ მიმწყვდეული” – ბექა ყორშია ქარელში მომხდარ ინციდენტზე

ქარელში დაშავებული “მთავარი არხის” ოპერატორი “ნიუ ჰოსპიტალიდან” გაწერეს. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

“როგორც პირველი რიგის, ასევე მაღალტექნოლოგიური კვლევებით არის დადგენილი მხოლოდ და მხოლოდ ზედაპირული ტრავმები. რაიმე შინაგანი ორგანოების დაზიანება, თავის ტვინის ან ძვლოვანი სისტემის დაზიანება დადგენილი არ იქნა. გულმკერდის ზედაპირული დაზიანება არის და ასევე სახსრების დაჭიმვა,” – განაცხადა “ნიუ-ჰოსპიტალის” კლინიკურმა დირექტორმა გიორგი კორძახიამ.

ამასთან, “მთავარი არხის” ჟურნალისტი, ბექა ყორშია გუშინდელ ინციდენტს იხსენებს.

“იქ ისეთი ჯაჯგური იყო, რომ ან კაბელი გაითიშებოდა, ან რაღაც… თან რამდენჯერმე შევამჩნიე, რომ ერთ-ერთი აქტივისტი ცდილობდა, რომ ეს კაბელი გამოერთო. არ ვიცი რა ხდება, ახლა უნდა შევიდე ჩვენთან საეთეროში, ვნახო კადრები როგორ და რანაირად. ეს კადრები მეც არ მაქვს ნანახი.

კიბიდან დაგორდაო, კიბიდან როგორ შეიძლება დაგორდე, როდესაც მოაჯირზე ხარ მიმწყვდეული. აქ ერთადერთი ვარიანტია გადავარდე და დაენარცხო ძირს,” – განაცხადა “მთავარი არხის” ჟურნალისტმა, ბექა ყორშიამ. 

“მთავარი არხის” ჟურნალისტის ინფორმაციით, ოპერატორი “ქართული ოცნების” ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს. მმართველი პარტიის ოფისში კი ამბობენ, რომ ურთიერთშელაპარაკების დროს, ოპერატორი შემთხვევით გადავარდა. შემთხვევის ამსახველი ვიდეო მასალა ტექნიკის დაზიანების გამო არ არსებობს. გამოძიება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებლობით მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები