საქართველოში ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიცირება სავალდებულო იქნება

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივები – კანონპროექტები: „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“  პირველი მოსმენით განიხილა, რომლის მიხედვით, 2023 წლიდან ადგილობრივ ბაზარზეც იქნება შემოღებული ალკოჰოლიანი სასმელების სავალდებულო სერტიფიცირება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლას განცხადებით, რომელმაც კანონპროექტების ზოგად პრინციპებზე ისაუბრა, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ოთხი მნიშვნელოვანი ცვლილება შედის.

„ღვინის კატეგორიებს ემატება ახალი – „დეალკოჰოლიზებული ღვინო“, რომლის წარმოებისთვისაც დაშვებული იქნება შესაბამისი ტექნიკა, აღიარებული ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ.  შემდეგი ცვლილება ეხება რეგულირების ახალი ობიექტის დამატებას, რაცაა ღვინისეული სასმელი, ანუ ღვინის ბაზაზე დამზადებული სასმელი. მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება ადგილობრივ ბაზარზე ღვინის სავალდებულო სერტიფიცირებას, რომელიც 2023 წლის იანვრიდან შემოდის. ეს ადგილობრივი ბაზრის მეტი კონტროლის საშუალებას მოგვცემს. კანონში შეტანილი ცვლილებით ღვინის ეროვნულ სააგენტოს, შესაბამისი ორგანოების მიმართვის საფუძველზე,   ტრანზიტული ტვირთების ექსპერტული ანალიზის ჩატარების უფლება ენიჭება“, – განაცხადა ლევან მეხუზლამ.

მსგავსი თემები