„ხორბლის ფასმა მოიმატა, ფქვილის ფასიც მატებისკენ წავიდა“ – ლევან სილაგავა ფასების მატების ტენდენციებზე

  •  

„ხორბლის ბაზარზე ვითარება საკმაოდ დაიძაბა. აგვისტო საკმაოდ რთული იყო. ხორბლის ფასმა მოიმატა, ფქვილის ფასიც მატებისკენ წავიდა“ – ეს განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორმა ლევან სილაგავამ გააკეთა და პურ-პროდუქტებზე ფასების მატებაც არ გამორიცხა.  

„გვქონდა მოლოდინი, რომ მოსავლის და მარაგების მხრივ მსოფლიოში უფრო კარგი წელი იქნებოდა. სამწუხაროდ, ეს მოლოდინი არ გამართლდა და დღესდღეობით, საკმაოდ დაიძაბა სიტუაცია ხორბლის ბაზარზე მსოფლიოში. აგვისტოს თვე იყო საკმაოდ რთული და მსოფლიოში სადღაც 15 მლნ ტონით დაწიეს ხორბლის მოსავლის რაოდენობა. დაახლოებით 8 ქვეყანაა, რომელიც ძირითადად ამარაგებს მსოფლიოს. ხოლო რეგიონულ ჭრილში, რაც ჩვენ გვაინტერესებს და საიდანაც შემოდის ძირითადად, ეს არის რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი. რუსეთში 82 მლნ ტონიდან დააკლეს 71 მლნ ტონამდე ხორბლის მოსავალი, რაც საკმაოდ დიდი კლებაა და ამან საკმაო რყევები გამოიწვია ბირჟებზე“ – განაცხადა ლევან სილაგავამ „მედიაცენტრ მთავარში“  

როგორც ასოციაციის ხელმძღვანელი განმარტავს, ფასები გაზრდილია და მოლოდინიც არ არის კარგი. ლევან სილაგავას განმარტებით, პურზე ფასმა რომ არ მოიმატოს, სახელმწიფომ რაღაც მექანიზმი უნდა აამუშაოს.

„მოსახლეობის დაკვეთა თუ იქნება, რომ პურზე ფასი არ გაიზარდოს, შესაბამისად, სახელმწიფომ ამისთვის რაღაც მექანიზმი უნდა აამუშაოს.  ხორბლის ფასმა მოიმატა, ეს მომატება, რა თქმა უნდა, აისახება საბოლოო პროდუქციაზე, თუმცა დიფერენცირება კეთდება წისქვილებში და პურის ქარხნებშიც. ანუ ჩვენ, წისქვილკომბინატები  სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, დიფერენცირებას ვაკეთებთ. ყოველთვის ვცდილობთ, რომ პირველი ხარისხის ფქვილზე შევინარჩუნოთ უფრო კომფორტული ფასი, უმაღლესი და ექსტრა ხარისხის ფქვილის გაძვირების ხარჯზე. ამას ვაკეთებთ დღესაც, ამაში ხელს გვიწყობს გარდამავალი მარაგები და იგივეს აკეთებენ პურის მწარმოებლები“ – განმარტა ლევან სილაგავამ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები