პურის მწარმოებლები პურპროდუქტებზე ფასების ზრდას აქტიურად განიხილავენ  

ხორბალი გაძვირდა, ფქვილი გაძვირდა, საფუარი, წყალი და სხვა მასალებიც გაძვირდა, რაც ფქვილთან ერთად პურის შემადგენლობაშია. შესაბამისად, მეპურეები დაახლოებით ერთ თვეში პურზე ფასების მატებაზე საუბრობენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, “საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის” თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

დოლიძის შეფასებით, ამ ეტაპზე, მწარმოებლები ფასებს ნაკლები მოგების ხარჯზე ინარჩუნებენ, თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ვერც ერთი მწარმოებელი წაგებაზე ვერ იმუშავებს.  

„პურის ფქვილზე სუბსიდირების მოხსნის შემდეგ, პურის ფასი 10 თეთრით გაიზარდა. მეზობელ ქვეყნებთან შედარებით საქართველოში პურის ფასი შედარებით დაბალია. პურის ფასი ბევრი კომპონენტისაგან შედგება, მათ შორის ფქვილის, საფუარის, ტრანსპორტირების და მუშახელის ხელფასის ღირებულებისგან. მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ მოსახლეობისთვის ფასი მტკივნეული არ იყოს და ამიტომ ის შედარებით „სტაბილურად დაჭერილია.“ ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენით გაიზრდება პურის ფასი, შეიძლება საერთოდ არ გაიზარდოს, თუმცა მე ვვარაუდობ, რომ მომავალ თვეში შესაძლებელია ფასები შეიცვალოს. თუ სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამას ჩართავს, პურის ფასი არ გაიზრდება, ხოლო თუ არ ჩაირთვება, შესაძლოა, 10 თეთრით გაიზარდოს“ – განაცხადა მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები