პროკურატურამ ფარული მიყურადებისა და შანტაჟის გავრცელებულ ფაილებზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ფარული ჩანაწერების 60 000 ფაილთან დაკავშირებით, რომელიც საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა, გამოძიება დაიწყო. აღნიშნულის შესახებ „მედიაცენტრ მთავარს“ პროკურატურიდან აცნობეს.  

“საქართველოს პროკურატურაში მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

მოვუწოდებთ ყველას, ვისთანაც შესაძლოა ინახებოდეს უკანონო ჩანაწერები და მასალები, გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ. ამასთან, იმ მედიასაშუალებებს, რომლებსაც გააჩნიათ აღნიშნული მასალა, მოვუწოდებთ ამჯერად მაინც ითანამშრომლონ გამოძიებასთან და მოგვაწოდონ მათ ხელთ არსებული მტკიცებულებები. ასევე ყველას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ პირადი და პერსონალური ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებისგან”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საუბარია ფარული მიყურადების, თვალთვალის, აგენტების მიგზავნის, მასალების “შეკერვის” გზით ჟურნალისტების, პოლიტიკოსების, ბიზნესმენების, მასწავლებლების, მენეჯერების, დიპლომატების და სხვა ოფიციალური პირების შესახებ გავრცელებულ 60 000 ფაილზე. ფაილებში ასევე საუბარია, რომ სახელი უნდა გაეტეხათ და “გაეფუჭებინათ” მედიის წარმომადგენლები.

მსგავსი თემები