2,5 მილიარდი ლარის ინვესტიცია იმპორტირებული საქონლის ჩასანაცვლებლად – პრემიერის პირობა

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავარობა ბიზნესთან ერთად  2,5 მილიარდი ლარის ინვესტიციას გეგმავს, რომ იმპორტირებული საქონელი ადგილობრივმა ჩაანაცვლოს.

„ვიწყებთ ძალიან მასშტაბურ საქმეებს სოფლის მეურნეობის მიმართულებით. 7 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება მომდევნო წლების განმავლობაში, რომ არც ერთი გოჯი მიწა არ დარჩეს დაუმუშავებელი ქვეყანაში“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ნინოწმინდის მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ნინოწმინდაში ბევრი მიწაა სახელმწიფო საკუთრებაში, რომელთა პრივატიზება და დამუშავება უნდა მოხდეს.

„შეგვიძლია, ჩვენ თვითონ ვაწარმოოთ, ჩვენ თვითონ გავხდეთ თვითუზრუნველყოფილი, თვითკმარი სახელმწიფო და ვაწარმოოთ ხარისხიანი პროდუქცია, რომ უფრო მეტად გაძლიერდეს ჩვენი მოსახლეობა და მთლიანობაში ჩვენი ქვეყანა. გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, როგორ განვავითაროთ გზები, ინფრასტრუქტურა, წყალგაყვანილობა და გაზმომარაგება, რომ ყველა ქალაქში და სოფელში იყოს 24-საათიანი ხარისხიანი წყალმომარაგება. ის გეგმა, რომელიც შევიმუშავეთ, პასუხობს ამ გამოწვევას, რომელიც ჯერ კიდევ არის ჩვენს ქვეყანაში – სიღარიბე და უმუშევრობა“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.   

მთავრობის მეთაურის თქმით, განვითარება შევა ყველა რეგიონში, ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში.

მსგავსი თემები