ავსტრალიის მოქალაქის მკვლელობისთვის საქართველოს მოქალაქეს პატიმრობა შეუფარდეს  

თბილისის საქალაქო სასამართლომ ავსტრალიის მოქალაქის შანაი ბრუკის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ რაფაელ მურსაკულოვს პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლო პროცესზე პროკურატურა ბრალდებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას ითხოვდა, ადვოკატი კი მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.

პროკურორი ამტკიცებდა, რომ მურსაკულოვმა სცადა და გაანადგურა მტკიცებულებათა ნაწილი და დანაშაულის იარაღი მხოლოდ დანის ტარი ამოიღეს. პროკურორმა სასამართლო პროცესზე ასევე განაცხადა, რომ ბრალდებული წარსულში ნასამართლევია და მის მიმართ სხვადასხვა შეღავათი იყო გამოყენებული, თუმცა, მან ახალი დანაშაული  ჩაიდინა.

ბრალდებულს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით) ჩადენილი დანაშაული; ასევე,  109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ და მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით; ანგარებით) ჩადენილი დანაშაული, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები