ცხინვალში გაცემულ მართვის მოწმობებს ჩრდილოეთ ოსეთში არ აღიარებენ

ჩრდილოეთ ოსეთში პრობლემები ექმნებათ ავტომობილების მფლობელებს, რომლებსაც ოკუპირებულ ცხინვალში გაცემული მართვის მოწმობები აქვთ. მათგან საგზაო პოლიცია მოითხოვს რუსეთში გაცემულ მართვის მოწმობების წარდგენას. წინააღმდეგ შემთხვევაში მძღოლებს 15 ათასი რუბლამდე თანხით აჯარიმებენ ან ათი დღით პატიმრობა ემუქრებათ.

ოსური მედიის ცნობით, ამის შესახებ დე ფაქტო პარლამენტის სხდომაზე, ერთ-ერთმა ე.წ დეპუტატმა არსენ კვეზეროვმა ილაპარაკა და კითხვები დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს მერაბ ფუხაევს დაუსვა.

ფუხაევისგან განმარტებები სხვა ე.წ დეპუტატებმაც მოითხოვეს. „ეს პრობლემა დაახლოებით სამი თვის წინ გაჩნდა. ჩვენ მაშინვე ჩავერთეთ მის მოგვარებაში და ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას კითხვები გავუგზავნეთ. მათ გვიპასუხეს, რომ ასეთი ფაქტები არ ყოფილა. ბოლო დღეებში ეს თემა კვლავ გააქტიურდა. მე მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს: თუ ვინმე მოხვდა ასეთ სიტუაციაში, მოგვმართოს ოფიციალური განცხადებით და შემდეგ ჩვენ ვიმუშავებთ ჩრდილო ოსეთის კოლეგებთან”, – განაცხადა ფუხაევმა.

ე.წ დეპუტატმა არსენ კვეზეროვმა დე ფაქტო მინისტრს განუცხადა, რომ ის იცნობს კონკრეტულ ადამიანებს, რომელთაც შეუძლიათ დაადასტურონ, რომ იყო ასეთი შემთხვევები და დაპირდა, რომ ისინი განცხადებით მალე მიმართავდნენ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს. მერაბ ფუხაევი ე.წ დეპუტატებს დაპირდა, რომ სექტემბრის ბოლოს ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდება და ამ საკითხებს განიხილავს.

მსგავსი თემები