იუსტიციის სამინისტრომ „ნამახვანჰესზე“ ხელშეკრულების შემსწავლელი კომპანია გამოავლინა

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას საერთაშორისო იურიდიული კომპანია – CMS Cameron McKenna Nabarro Olswang LLP შეისწავლის. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს იუსტიციის სამინისტრომ მიაწოდა.

„საქართველოს იუსტიციის სამინიტროს ვებგვერდზე განთავსებული საჯარო შეთავაზების პირობების შესაბამისად, მიეწოდათ ენერგეტიკის სფეროში გამოცდილ საერთაშორისო იურიდიული კომპანიებს (ინტერესთა გამოხატვა, ფასთა გამოკითხვა), დაინტერესების შემთხვეევაში წარმოედგინათ წინადადებები. პროცესის გამჭვირვალობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ იურიდიული მომსახურების განხორციელების შესახებ ინდივიდუალური შეთავაზებები, იუსტიციის სამინისტროს მხრიდან, არ განხორციელებულა.

ინტერესთა გამოხატვაში მონაწილე საერთაშორისო იურიდიულმა კომპანიებმა სრულად დააკმაყოფილეს შეთავაზების პირობების შესაბამისად წარდგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ამდენად, არჩევანი CMS Cameron McKenna Nabarro Olswang LLP – საერთაშორისო იურიდიული კომპანიის მიერ დასახლებული მნიშვნელოვნად განსხვავებული ფასის (დაბალი) შესაბამისად გაკეთდა.

„ნამახვანის“ ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ“ ხელშეკრულების საერთაშორისო პრაქტიკასთან შედარებით სამართლებრივი ანალიზის განსახორციელებლად შერჩეული საერთაშორისო იურიდიული კომპანია – CMS Cameron McKenna Nabarro Olswang LLP (შემდეგში – „CMS“) წარმოადგენს ლიდერ საერთაშორისო იურიდიულ კომპანიას, რომლის ფილიალები განთავსებულია მსოფლიო მასშტაბით – 40-ზე მეტ ქვეყანაში. კომპანიას ჰყავს 1 100 პარტნიორი და 5000-მდე იურისტი; ხოლო, კონკრეტულად ენერგეტიკული მიმართულებით, იგი აერთიანებს 400-ზე მეტ გამოცდილ და კვალიფიციურ იურისტს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ CMS დასახელებულია როგორც საუკეთესო კომპანია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში Projects & Energy მიმართულებით. კომპანია 30 წელზე მეტია კონსულტაციას უწევს როგორც ბიზნესის, ისე, სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და ჩართულია სხვადასხვა სამართლებრივი საკითხების მოგვარებაში. იგი 2021 წელს დასახელებული იქნა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წლის ფირმად (CEE Law Firm of the Year).

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ CMS გააჩნია ხანგრძლივი და ფართო გამოცდილება განახლებადი ენერგიის სფეროში მთელს ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ. მათი გამოცდილება მოიცავს ენერგეტიკული პროექტების ფართო სპექტრს, ჰიდროენერგეტიკის (Hydropower) ჩათვლით. კომპანია, ასევე, ჩართული იყო მეზობელ ქვეყნებში განხორციელებულ ენერგეტიკულ პროექტებში (აზერბაიჯანი, რუსეთი).

კომპანია პროექტის სამართლებრივი ასპექტების შესასწავლად წარმოდგენილია ენერგეტიკის სფეროში მაღალკვალიფიციური თანამშრომლებისაგან რომლებიც, ასევე, არიან CMS პარტნიორებიც. ამ ეტაპზე, „ნამახვანის“ ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ“ ხელშეკრულების შესწავლასთან დაკავშირებულ სამუშაოებს ასრულებს კომპანიის CMS -ს ლონდონის ოფისის გუნდი, რომლებსაც მოცემულ სფეროში მდიდარი გამოცდილება აქვთ“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

მსგავსი თემები