“აჟიტირებულები არიან, თქვენმა აქტივისტმა ჩაიდინა მკვლელობაო – “ქართულ ოცნებას” ათობით ათასი წევრი და ასობით ათასი მხარდამჭერი ჰყავს და ყველას ზრახვებსა, თუ ფიქრებზე პასუხს ვერ ვაგებთ” – ირაკლი ზარქუა

აჟიტირებულები არიან – თქვენმა აქტივისტმა ჩაიდინა მკვლელობაო, უკვე ჩანს, ამაზე აპირებენ ხანგძლივი კამპანიის აწყობას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ზარქუა სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება თბილისში ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე რაფაელ მურსაკულოვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ის “ქართული ოცნების” წევრია.

როგორც ზარქუა Facebook-ზე წერს, პარტიას ათობით ათასი წევრი და ასობით ათასი მხარდამჭერი ჰყავს და ყველას ზრახვებსა, თუ ფიქრებზე პასუხს ვერ აგებს.

„დაახლოებით ნახევარ საათში ათზე მეტი ზარი განხორციელდა ნაცმოძრაობის ტელევიზიებიდან და სააგენტოებიდან. აჟიტირებულები არიან – თქვენმა აქტივისტმა ჩაიდინა მკვლელობაო, უკვე ჩანს, ამაზე აპირებენ ხანგძლივი კამპანიის აწყობას…

ახლა კარგად მომისმინეთ!

“ქართულ ოცნებას” ათობით ათასი წევრი და ასობით ათასი მხარდამჭერი ყავს და ყველას ზრახვებსა, თუ ფიქრებზე პასუხს ნამდვილად ვერ ვაგებთ.

თქვენ მკვლელები და მანიაკები ხელისუფლებაში და ძალოვან უწყებებში უმაღლეს თანამდებობებზე გყავდათ დანიშნული, ახლაც არ გაკლიათ “ლიდერშიპში” და ამის მიუხედავად, ხალხს ისევ თქვენი მხარდაჭერისკენ მოუწოდებთ.

აქეთ კი სამარცხვინო კამპანიას იმაზე აწყობთ, თითქოს ათიათასობით ჩვენი აქტივისტიდან იმ მართლაც ამაზრზენი დანაშაულის ჩამდენი რომ გამოერია.

ამიტომ, ნუ შეეცდებით ამ ტრაგედიით მორიგ პოლიტიკურ სპეკულაციას და უკადრებელის კადრებაში ახალი რეკორდის დამყარებას”, – წერს ზარქუა Facebook-ზე.

მსგავსი თემები