„რეანიმაციულ განყოფილებაში ადამიანები საშინელი, მოწამეობრივი სიკვდილით იხოცებიან“ – დევი ტაბიძე „მედიაცენტრ მთავარში“

ჯანდაცვის ექსპერტმა, რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა დევი ტაბიძემ კორონავირუსის მხრივ ქვეყანაში არსებულ უმძიმეს ვითარებაზე „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეანიმაციულ განყოფილებებში საშინელება ხდება.

„ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ რეანიმაციულ განყოფილებაში ადამიანები საშინელი, მოწამეობრივი სიკვდილით იხოცებიან. ბოლოს და ბოლოს, ხომ არ დავდებთ ყველა კადრს და სურათს ნებისმიერი კლინიკიდან. აქედან გამომდინარე, მინდა მოსახლეობამ კიდევ ერთხელ გაითავისოს, ვირუსი არსად წასულა, ის კიდევ მძვინვარებს და ძალიან ბევრ უარყოფით შედეგს გამოიწვევს“, – განაცხადა ტაბიძემ.

ექსპერტის შეფასებით, ვირუსით ინფიცირების დღევანდელი სტატისტიკა დამამშვიდებელი არ არის და რეალურ სურათს ე.წ. აგარაკების კლასტერის სახით უნდა ველოდოთ.

„აღნიშნული ციფრები პირადად, როგორც ჯანდაცვის ექსპერტს, არავითარი დამშვიდების საფუძველს არ მაძლევს. ეს ციფრები არ არის დასრულებული. ჯერ არ დასრულებულა აგარაკის სეზონი და ადამიანების იმ რაოდენობას არ აქვს ტესტირება ჩატარებული, რომელიც რეალურ სურათს მოგვცემს. გარდაცვალების რაოდენობამ შედარებით დაიკლო, მაგრამ არც ეს არის კარგი მონაცემი. 20-25 სექტემბრისთვის გამოჩნდება რეალური მონაცემები, რომელიც იქნება ე.წ. აგარაკის სინდრომის და რაოდენობა ცენტრალურ ქალაქებშიც გაიზრდება და კვლევის ინტერესიც მოიმატებს“ – განაცხადა დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.   

მსგავსი თემები