საპრეზიდენტო კანდიდატებს ხმა, მათი გამონათქვამების მიხედვით არ უნდა მივცეთ – გია ჟორჟოლიანი 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ფრაქცია “ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი​ აცხადებს, რომ 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები მნიშვნელოვანი ეტაპია ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის და ამომრჩეველზეა დამოკიდებული ყოფილი სახელისუფლებო პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და მისი მემკვიდრე პოლიტიკური ჯგუფები დარჩებიან თუ არა პოლიტიკაში.

როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე გია ჟორჟოლიანმა დღეს განაცხადა, ამ არჩევნების პერიოდში მოსახლეობა სერიოზულად უნდა დაფიქრდეს და ისე მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ის არ უნდა იყოს დამოკიდებული საპრეზიდენტო კანდიდატების მიერ გაკეთებულ კონკრეტულ გამონათქვამებზე.

“მოსახლეობა კარგად იცნობს ამ კანდიდატებს, მათ საქმიანობას, მათ პოლიტიკურ კუთვნილებას, პოლიტიკურ პოზიცია. 28 ოქტომბერს ჩვენი მოსახლეობა ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს გადაწყვეტილება არ უნდა იყოს დამოკიდებული კონკრეტულ გამონათქვამებზე. ამ არჩევნებზე გადასაწყვეტი გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, – ვის აინტერესებს ქვეყნის განვითარება, ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის წარმართვა, ჯანსაღი პოლიტიკური დისკუსია და ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული კონსტრუქციული დებატები და მსჯელობა. ამომრჩეველმა კარგად უნდა გაითვალისწინოს, რომ ამ ყველაფერს ხელს უშლის “ნაციონალური მოძრაობის” წრიდან წამოსული პოლიტიკური ჯგუფები და მათთან ასოცირებული პოლიტიკური პარტიების აქტიური ყოფნა ჩვენს პოლიტიკურ ასპარეზზე. თუ გვინდა მართლა დავიწყოთ საუბარი ქვეყნის განვითარებაზე და გაუთავებელი კინკლაობა არ იყოს ჩვენი პოლიტიკური დებატების მთავარი დღის წესრიგი, ამისთვის “ნაციონალური მოძრაობა” და მათი მემკვიდრეები უნდა ჩამოშორდნენ პოლიტიკას”, – აცხადებს გია ჟორჟოლიანი.

მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობამ 2012 წელს მიიღო გადაწყვეტილება, რომ მათთვის მიუღებელი იყო “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლება და ახლა საჭიროა ამ საქმის ბოლომდე მიყვანა.
დეპუტატი მოსახლოებას არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებს და დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვებს.

“ის დანაშაულებრივი რეჟიმი, რომელიც მანამდე არსებობდა, საქართველოს მოსახლეობისთვის მიუღებელია. ახლა საჭიროა, ყველამ კარგად გავაცნობიერებთ, რომ ყველამ აქტიური მონაწილეობა უნდა მივიღოთ ამ პროცესებში. არ დავიზაროთ, მივიდეთ არჩევნებზე და მხარი დავუჭიროთ უალტერნატივო კანდიდატს, რომელსაც შეუძლია ამის განხორციელება. ეს არის სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ამას მოახერხებს, თუ ჩვენი თანადგომა იქნება,”, – აცხადებს გია ჟორჟოლიანი.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატებმა ხმების ის რაოდენობა უნდა მიიღონ, რაც რეალურად აქვთ.

მსგავსი თემები