აცრილები ლატარეაში მინიმუმ 100 ლარს მოიგებენ

ვაქცინაციის წამახალისებელი აქცია იწყება. სლოგანი – „აიცერი და მოიგე“ ეხება როგორც ერთჯერადად, ისე ორჯერადად აცრილ ადამიანებს. ლატარიაში გამარჯვებულის მინიმალური მოგება 100 ლარი იქნება, მაქსიმალური კი – 100 000 ლარი.

როგორც საქართველოს ეროვნული ლატარიის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთევან ხუციშვილი განმარტავს, შემაჯამებელი ლატარეა 31 დეკემბერს გაიმართება.

„ლატარია გაიმართება ყოველდღიურად, ყოველკვირეულად და ასევე იქნება შემაჯამებელი გათამაშება. მინიმალური მოგება იქნება 100 ლარი, ხოლო მაქსიმალური 100 000 ლარი. ყოველდღიურად გათამაშდება დაახლოებით 160 პრიზი. ასევე ყოველკვირეული გათამაშების მოგებული პირები გვეყოლებიან და შემაჯამებელი გათამაშება გაიმართება.  დოლურაში მოთავსდება ყველა ლატარიის ბილეთი და იქიდან გამოვლინდება ერთი გამარჯვებული პირი. ლატარიაში მონაწილეობა ხდება შემდეგი სახით, როდესაც მომხმარებელს მიენიჭება NCDC-ის მიერ ჯავშნის კოდი, რომელსაც სტატუსი ექნება აცრილი, ის ავტომატურად მონაწილეობას მიიღებს აღნიშნულ ლატარიაში. დღეს დარეგისტრირებული მომხმარებელი, რომელიც აიცრება, მონაწილეობას მიიღებს მომდევნო დღის გათამაშებაში. გათამაშების შედეგები გამოვლინდება დღის 12 საათზე, ხოლო რაც შეეხება ყოველკვირეულ გათამაშებებს, ყოველ ორშაბათ დღეს, ყოველი დღის გათამაშების დასრულებისთანავე იქნება გამოვლენილი”, – განაცხადა ქეთევან ხუციშვილმა.

ლატარიაში მონაწილეობისათვის მომხმარებელს არ სჭირდება ავტორიზაცია. აცრისთანავე მისი ჯავშნის კოდი ავტომატურად ერთვება გათამაშებაში. პირველი გათამაშება 13 სექტემბერს გაიმართება.

მსგავსი თემები