მმართველი გუნდის განცხადებით, არჩევნებზე 1%-იც რომ მიიღონ, რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება  

მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ გაიმართება. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ერთი პროცენტიც რომ ავიღოთ ამ არჩევნებში, არავითარი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ იქნება.

მისივე შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლა ვერაფერს შეცვლის გარდა იმისა, რომ ის შესაბამის დაწესებულებაში მოხვდება.

„19 აპრილის შეთანხმების დოკუმენტი ანულირებულია, თუმცა ერთი რამ მინდა, გითხრათ. ამ ოქმმა დაკარგა პოლიტიკური აქტუალობა. დღეს ყველა კარგად ხედავს, რომ გვაქვს ყველანაირი რესურსი, საშუალება, რომ საერთოდ საბაბიც კი არ დავუტოვოთ არავის რიგგარეშე არჩევნებზე საუბრის. საუბარი არ მაქვს მხოლოდ არჩევნების შედეგზე. ჩვენ 1 პროცენტიც რომ ავიღოთ ამ არჩევნებში, არავითარი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ იქნება. ეს ერთი. მეორე – სააკაშვილი რომ ჩამოვიდეს, მოხვდება შესაბამის დაწესებულებაში. მესამე – ქუჩაში გამოხვალთ, შეხვალთ უკან სახლებში და ა.შ. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური აქტუალობა მთლიანად დაკარგა იმ ჩანაწერმა, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან.

მსგავსი თემები