“ვისაც როგორ შეგიძლიათ ჩასვლა, ხმელეთით, ჰაერით, წავიდეთ ყველა ერთად საქართველოში” – მიხეილ სააკაშვილის მიმართვა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშილი ვიდეომიმართვას ავრცელებს. სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს, ყველამ შვებულება აიღოს და მასთან ერთად საქართველოსკენ დაირაზმონ.

„პირადად ჩავალ ამ არჩევნებზე საქართველოში და მინდა, მოვუწოდო უცხოეთში მყოფ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, ვისაც გაქვთ ამის საშუალება, არჩევნების დღეებში აიღეთ შვებულება, გადადეთ ამისთვის თქვენი დრო, საშუალებები და ვისაც როგორ შეგიძლიათ ჩასვლა, ხმელეთით, ჰაერით, წავიდეთ ყველა ერთად საქართველოში“ – ასეთია სააკაშვილის გზავნილი.

მისი თქმით, საქართველოს გადასარჩენად პატრიოტული ვალი აქვს მოსახდელი.

„ბევრი მეკითხება, თუ როგორია ჩემი გეგმები იმ ისტორიულ არჩევნებთან, რეფერნედუმთან დაკავშირებით, რომელიც 2 ოქტომბერს იმართება საქართველოში. ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ გამოვიდა ევროკავშირის ხელშეკრულებიდან, მაგრამ ქართველი ხალხი, ევროპა არ გამოსულან ამ ხელშეკრულებიდან. 2 ოქტომბერს, დიახაც, რომ იმართება რეფერენდუმი ივანიშვილის ხელისუფლებისთვის უნდობლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით, რომ ეს წარმოუდგენელი სპირალი სიღარიბის, სიღატაკის, გაუბედურების, ოჯახების დანგრევის, საქართველოს განადგურების დასრულდეს. საქართველოში მყოფმა თითოეულმა ადამიანმა უნდა მიიღო გადაწყვეტილება, წავიდეს ამ რეფერენდუმზე და ხმა მისცეს ივანიშვილის ე.წ ოცნების წინააღმდეგ. ეს არის ჩვენი პატრიოტული ვალი საქართველოს გადასარჩენად“ – აცხადებს სააკაშვილი.   

მსგავსი თემები