ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საარჩევნო ბარიერსა და ფრაქციების ფორმირების საკითხზე შეთანხმება შედგა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტში  ოპოზიციისა და უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრისას შეთანხმება შედგა ორ საკითხზე, საარჩევნო ბარიერსა და ფრაქციების ფორმირების საკითხზე, გენერალური პროკურორის არჩევის წესი კი დისკუსიის საგანია.„ჩვენ უცვლელად მხარს დავუჭერთ პროექტის იმ ნაწილს, რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო ბარიერის 2 პროცენტამდე შემცირებას  მომდევნო ორი არჩევნებისთვის, ფრაქციის ფორმირება შვიდი წევრის ნაცვლად ოთხ დეპუტატს შეეხება. ამ ორ საკითხზე პოზიციები შეჯერებულია და მას ყველა პოლიტიკური პარტია მხარს დაუჭერს.

გენერალური პროკურორის არჩევის საკითხზე დისკუსია გაგრძელდება დღეს და ხვალ. დისკუსიის შედეგების მიხედვით პროექტში დარჩება პუნქტი ან ამ პუნქტის გარეშე ეყრება კენჭი. ყველა პარტია თანხმდება, რომ როგორიც არ უნდა იყოს გენერალური პროკურორის არჩევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, პროექტის დანარჩენ პუნქტებს ყველა პარტია დაუჭერს მხარს. კანონპროექტი კენჭისყრაზე ამ პუნქტით ან ამ პუნქტის გარეშე გავა. როგორც იურისტი, გეტყვით, რომ გენერალურ პროკურორთან დაკავშირებული ნორმა, რაც ასახული იყო 19 აპრილის ანულირებულ შეთანხმებაში, აბსურდულია თავისი შინაარსით. ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, შეიძლება შეურაცხმყოფელიც იყოს ასეთი ნორმისთვის ხმის მიცემა, როდესაც საუბარია მის კონსტიტუციაში შეტანაზე. დისკუსია გაგრძელდება და ხვალ პროექტს ამ პუნქტებით ან ამ პუნქტის გარეშე ეყრება კენჭი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები