„3 მილიონზე მეტი ვაქცინა შემოვიტანეთ“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ქვეყანაში არის მილიონი დოზა „ფაიზერი“, დაახლოებით მილიონი დოზა ჩინური ვაქცინა „სინოვაკი“, ჩემი დავალებით ვმუშაობთ მილიონი დოზა „სინოფარმის“ და 2 მილიონი დოზა „ფაიზერის“ შემოტანაზე, მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ“ – აცხადებს პრმიერ-მინისტრი.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დღეს ქვეყანაში მთავარი გამოწვევა პანდემიაა, თუმცა ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს.

„კარგად გვესმის, რომ გამოწვევები სახეზეა. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის ეპიდემია. მოგეხსენებათ, ბოლო რამდენიმე კვირაა, ჩვენ ლოკალური შეზღუდვები დავაწესეთ იმისთვის, რომ სიტუაცია დავასტაბილუროთ, დავამშვიდოთ და ხედავთ ბოლო დღეების განმავლობაში ტენდენციას, რომელიც გამოიკვეთა და ნიშნები უკვე ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს. 3 მილიონზე მეტი ვაქცინა შემოვიტანეთ. რა თქმა უნდა, გამოსავალი ამ სიტუაციაში არის აცრები და მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ასევე მნიშვნელოვანი იყო ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნა, რასაც კონკრეტული შედეგებიც მოჰყვა.

„ჩვენს თანმიმდევრულ, ეტაპობრივ ეკონომიკის გახსნას მყისიერი შედეგიც მოჰყვა. გვქონდა უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა და ქვეყანას აქვს 12%-იანი ზრდა პირველი 7 თვის განმავლობაში. აპრილში გვქონდა 45%-იანი ზრდა, მაისში – 25%-იანი, ივნისში – 18%-იანი, ივლისში – თითქმის 10%-იანი. რა თქმა უნდა, ამ ტენდენციას და ამ პროცესს სჭირდება შენარჩუნება. ასევე, ამ განვითარებას სჭირდება მშვიდობა და სტაბილურობაც“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი თემები