„სააკაშვილის პარტნიორს, მამუკა ხაზარაძეს მივმართავ, სანამ ჩემზე რაიმეს იტყვის, გადაამოწმოს“ – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ლელოს“ დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს მიმართავს და ურჩევს, სანამ მის სახელს ახსენებს, გადაამოწმოს. ირაკლი ღარიბაშვილი ხაზარაძეს წყალტუბოდან გამოეხმაურა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ძალიან მარტივი საქმე იყო, თავად მამუკა ხაზარაძე ან მისი თანამშრომელი შესულიყვნენ სტატისტიკის სამსახურის ვებგვერდზე და გადაემოწმებინათ, რამდენი კილომეტრი გზა არის საქართველოში.

„კაცი, რომელსაც აქვს პრეტენზია, მოსულიყო ხელისუფლებაში და რომელმაც 3% აიღო, არ უნდა საუბრობდეს ასეთ ტყუილებზე და ტყუილებით არ უნდა კვებავდეს საზოგადოებას და ჟურნალისტებს არ უნდა ატყუებდეს. მან თქვა, რომ მე მოვიტყუე და საქართველოში თურმე არის 7 ათასი კილომეტრი გზა და მე ვამბობ, რომ 10 ათასი კილომეტრი გავარემონტეთ და რეაბილიტაცია ჩავუტარეთ. ჯამში არის 21 101 კილომეტრი გზა მთელი ქვეყნის მასშტაბით და ბოლო 8 წელიწადში 10 ათას კილომეტრზე მეტ გზას ჩაუტარდა რეაბილიტაცია და აღდგენა. 150 კილომეტრ მაგისტრალური გზა დავაგეთ ჩვენ. ყველა ამ მონაცემზე მე პასუხს ვაგებ და ნებისმიერი ფაქტი და ინფორმაცია შეგიძლიათ გამოითხოვოთ. ვურჩევდი ბატონ ხაზარაძეს, მომავალში გადაამოწმოს ინფორმაცია, გამოითხოვოს და ასე გაავრცელოს ინფორმაცია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები