„იქ, სადაც ხდებოდა ადამიანების წამება და გაუპატიურება, დღეს პატიმრებს მოჰყავთ ჟოლო“ – ირაკლი ღარიბაშვილი   

„ცნობილ გლდანის ციხეში, რომელიც სავსე იყო ჯალათებით და  ხდებოდა ადამიანების წამება და გაუპატიურება, დღეს პატიმრებს მოჰყავთ ჟოლო, ეს არის ჩვენი ხელწერა, ამით განსხვავდება  „ქართული ოცნება“ „ნაცმოძრაობისგან“ და სააკაშვილის მჩაგვრელი რეჟიმისგან“ – აცხადებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

მისივე შეფასებით, არავინ უნდა დაივიწყოს, რა მდგომარეობა იყო მაშინ ციხეებში და როგორ ფეხქვეშ იყო გათელილი ადამიანის ღირსება.   

„როცა ჩვენ ვსაუბრობთ გაკეთებულ საქმეებზე, არ გვავიწყდება, როგორი გამოწვევები იყო თუნდაც ადამიანის უფლებების მიმართულებით საქართველოში; უნდა აღინიშნოს ორი სიტყვით, თუ რა მდგომარეობა იყო მაშინ ციხეებში, როგორ ფეხქვეშ იყო გათელილი ადამიანის ღირსება, თავისუფლება და ის ფუნდამენტური თავისუფლებები, რომელიც ღვთისგან არის ბოძებული“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არც თუ ისე შორეულ წარსულში იყო, სულ რაღაც 8-9 წლის წინ, ეს მდგომარეობა იყო საქართველოში.

„როდესაც ჩვენი ოპონენტები გვაკრიტიკებენ, მინდა მათ შევახსენო, მათ არ აქვთ არანაირი მორალური უფლება, რომ ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა  გააკრიტიკონ, რომელიც ორიენტირებულია მხოლოდ ადამიანის ღირსებაზე და თავისუფლებაზე, ადამიანის დაცვაზე. ციხის საკანში, 20 კვადრატულ მეტრზე, 30-ზე მეტი პატიმარი იყო გამომწყვდეული. ასეთ არაადამიანურ პირობებს ემატებოდა მათი ყოველდღიური ცემა, ჩაგვრა, წამება, გაუპატიურება და ათასი უბედურება, რომელიც ხდებოდა საპატიმროებში. დღეს რადიკალურად არის შეცვლილი ვითარება“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი თემები