მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ პაციენტის ჰოსპიტალიზება მდგომარეობის სწორად შეფასების საფუძველზე უნდა მოხდეს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ პაციენტის ჰოსპიტალიზება უნდა განხორციელდეს მისი მდგომარეობის სწორი შეფასების საფუძველზე.

ეზუგბაიას თქმით, დაავადების პროგრესირებასთან არის დაკავშირებული პაციენტის სიმძიმის განსაზღვრა, რაც ყოველთვის ვერ ხერხდება, ზოგჯერ კი არაგამიზნულად ხდება.

მისივე თქმით, დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის ერთეული შემთხვევები ყოველთვის იქნება, მაგრამ ეს სრულ სურათს არ ასახავს.

„დაავადებულების 80 % მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტები არიან, მაგრამ აი ამ 80 %-ში არის ასეთი კანონზომიერება, რომ აქედან უხეშად რომ ვთქვათ, 20-25 პროცენტში შეიძლება იყოს დაავადების პროგრესირება, რაც სწორად უნდა შეფასდეს. ვიდრე პაციენტი დამძიმდება, პროგრესირების პროცესში სასურველია, მისი კლინიკაში მოთავსება. უმეტეს ნაწილში არ არის დაგვიანებული ჰოსპიტალიზაცია, დაავადების პროგრესირებაა. ალბათ დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის ერთეული შემთხვევები ყოველთვის იქნება. ეს დამოკიდებული არის არა მარტო სამედიცინო სექტორის საწოლების რაოდენობაზე, არამედ თვითონ პაციენტის და მისი მდგომარეობის შეფასების ანალიზზე. დაავადების პროგრესირება მიმდინარეობს და ეს არის სიმპტომოკომპლექსი, თითოეული სიმპტომისგან შემდგარი. აქედან გამომდინარე, ამ სიპტომოკომპლექსის ანალიზით უნდა მოხდეს შეფასება ამ დაავადების პროგრესირების, სიმძიმის განსაზღვრის. თუ ეს დროულად მოხდა და შეფასდა, ძალიან კარგია, მაგრამ ასე ყოველთვის ვერ ხდება. ხანდახან ეს ხდება არაგამიზნულად. ზოგჯერ შეიძლება ორი საათის წინ შეაფასეთ ზოგადი მდგომარეობდა, მაგრამ 2-3 საათის შემდეგ უცბათ დამძიმდა პაციენტი, ამის განსაზღვრა ძალიან რთულია. თუმცა უმეტეს ნაწილში შესაძლებელია და უნდა ვეცადოთ, პროგრესირება დროულად შევაფასოთ, პაციენტების გადაყვანა სიმძიმის მიხედვით უნდა მოხდეს კოვიდსაავადმყოფოში თუ კოვიდსასტუმროში“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოში ვაქცინაციის პროცესს, როგორც ეზუგბაია ამბობს, „ფაიზერის“ შემოტანიდან 2 კვირის შემდეგ „სინოფარმით“ ვაქცინაციის პროცესი პირველადი ჯანდაცვის სექტორში გაგრძელდა.„ფაიზერის“ შემოტანის შემდეგ ორი კვირის განმავლობაში ჩვენ კვლავ განვაგრძობდით „სინოფარმით“ ვაქცინაციას. ჩვენთან „სინოფარმით“ აცრის პროცესი შეწყდა „ფაიზერის“ შემოტანიდან 2 კვირის შემდეგ. გახდა უპირატესი „ფაიზერის“ ვაქცინაციით მეტი ადამიანების მოცვა. „სინოფარმით“ ვაქცინაცია არ შეჩერებულა. ცენტრიდან მისი გატანა არ ნიშნავს, რომ „სინოფარმით“ ვაქცინაცია შეჩერდა, ის გაგრძელდა პირველადი ჯანდაცვის რგოლის დაწესებულებებში. გადაწყვეტილება იყო, რომ „ფაიზერით“ ვაქცინაციის მოცვა გაზრდილიყო და შედეგების, გვერდითი მოვლენების სიმცირის გამო, „სინოფარმით“ ვაქცინაცია შესაძლებელი გახდა, გადატანილიყო პირველადი ჯანდაცვის სექტორში“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მსგავსი თემები