“ეპიდვითარების სტაბილიზაცია აქტიურად შეიმჩნევა, იმატებს გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც, რაც ძალიან გვახარებს” – ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვირუსის გავრცელების კუთხით ქვეყანაში მცირედი სტაბილიზაცია შეინიშნება.

მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, იმატებს გარდაცვალების მაჩვენებელი, რადგან გარდაცვალების პიკი 2-3 კვირით ჩამორჩება ახალი შემთხვევების პიკს.

„გვიხარია ყველას, რომ სტაბილიზაცია ნამდვილად შეიმჩნევა. დღეის მდგომარეობით გვყავს 3 034 ინფიცირებული, აქტიური შემთხვევა ჯერ კიდევ მაღალია, მაგრამ დამეთანხმებით, რომ 22 000-ს აქტიურ შემთხვევასთან შედარებით, 45 782 შემთხვევა უკვე არის მნიშვნელოვანი კლება, რაც ბოლო სამი კვირის განმავლობაში აქტიურად შეიმჩნევა. ასევე გამოჯანმრთელებულების რიცხვი, რომელიც პროპორციულად იმატებს, ძალიან გვახარებს. ლეტალობის მაჩვენებლები კი ჯერჯერობით იმატებს და ვიცით, რომ ამ ინფექციისთვის ეს დამახასიათებელია. ლეტალობის მაჩვენებლის მატება 2-3 კვირის დინამიკაში მიჰყვება აქტიურ შემთხვევებს. სწორედ 2-3- კვირის დაგვიანებით ჩვენ გვექნება ლეტალობის მაჩვენებლის ყველაზე მაღალი რიცხვი. დღეს გვყავს 86 დაღუპული, მინდა, მწუხარება გამოვხატო და მივუსამძიმრო მათ ოჯახებს. ეს რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის და იმ ექიმებისთვის, რომლებიც ამ ადამიანების სიცოცხლისთვის იბრძოდნენ, ძალიან ტრაგიკული ფაქტია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ამასთან, ტიკარაძე ამბობს, რომ გარდაცვალების შემთხვევების მატების მიუხედავად, ლეტალობის პროცენტული მაჩვენებელი ძალიან მაღალი არ არის.

მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში გააძლიერებენ კლინიკური მართვის ჯგუფის ჩართულობასაც, რათა მძიმე პაციენტები უკეთ იმართოს და კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი შემცირდეს.

„უნდა გავაძლიეროთ კლინიკური მართვის ჯგუფის ჩართულობა, საჭიროების შემთხვევაში, თუ ამას კლინიცისტები ჩათვლიან აუცილებლად,  გადავხედოთ კრიტიკული პაციენტების მკურნალობის არსებულ პროტოკოლს. თუმცა, რეანიმატოლოგების სასარგებლოდ აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ლეტალობის მაჩვენებელი მსოფლიოში არის ორი პროცენტი, ხოლო ჩვენ სტაბილურად ვინარჩუნებთ 1,36-1,32 პროცენტს, რაც ჩვენი ექიმების პროფესიონალიზმის დამსახურებაა. აუცილებლად ყველა უნდა ვეცადოთ, რომ ეს მაჩვენებელი როგორმე შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

მსგავსი თემები