“ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენი მეგობარი ჯიმ რიში კვლავ ილუზიების ტყვეობაშია” – შალვა ნათელაშვილი

ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენი მეგობარი ჯიმ რიში კვლავ ილუზიების ტყვეობაშია, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

ნათელაშვილმა კომენტარი გააკეთა სენატის საგარეო კომიტეტის რესპუბლიკელი წევრის, ჯიმ რიშის განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ დაგვიანებულია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება, ხელი მოეწერა შეთანხმებაზე.

როგორც შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, „მიცვალებულის გაცოცხლების მცდელობა კეთილშობილური აქტია, მაგრამ სრულიად უაზრო და უშედეგო“.

„შარლ მიშელის დოკუმენტი შედგენისთანავე იყო მკვდრად შობილი, ის იყო ივანიშვილის და მისი ლობისტების კარნახით დაწერილი. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენი მეგობარი ჯიმ რიში კვლავ ილუზიების ტყვეობაშია და ჰგონია, რომ პუტინისგან გამოგზავნილი რუსი ოლიგარქი უცბად გახდება კრავი და დემოკრატიული პროცედურებით აღებული ვალდებულებების შესაბამისად იმოქმედებს.

ვფიქრობ, ჩვენ პრაგმატულად უნდა შევხედოთ რეალობას – არავითარი მიშელის დოკუმენტი, არავითარი ხელმოწერა, ველოდებით ჩვენ ამერიკის მთავრობისგან პერსონალურ სანქციებს ბიძინა ივანიშვილზე და ეს ყველაფერს გარდატეხავს, ეს გარდაქმნის ჩვენს დემოკრატიას იმ მიმართულებით, რაზედაც ვფიქრობ, ბატონი რიში და შარლ მიშელი ოცნებობენ“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მსგავსი თემები