“საჭიროების შემთხვევაში უნდა გადავხედოთ მკურნალობის და კრიტიკული პაციენტების მართვის პროტოკოლს” – ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრი კოვიდპაციენტების მკურნალობის პროტოკოლის ცვლილებას არ გამორიცხავს. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში კრიტიკული პაციენტების მართვისა და მკურნალობის გადახედვა მოხდება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა კლინიკური ჯგუფის წარმომადგენლებთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში სტაბილიზაცია ნამდვილად შეიმჩნევა.

“დღეს გვაქვს ინფიცირების 3034 შემთხვევა, რაც კვლავ მაღალია, მაგრამ ბოლო 3 კვირის განმავლობაში არის მნიშვნელოვანი კლება. პროპორციულად მატულობს გამოჯანმრთელებულების რიცხვი, თუმცა ლეტალობის მაჩვენებლის მატება 2-3 კვირის დინამიკაში მიჰყვება აქტიურ შემთხვევებს და ამ დაგვიანებით გვექნება ლეტალობის მაჩვენებლის ყველაზე მაღალი რიცხვი. დღეს გვყავს 86 დაღუპული, მინდა მწუხარება გამოვხატო და მივუსამძიმრო მათ ოჯახებს, ეს თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის და ექიმებისთვის, ვინც ამ ადამიანების სიცოცხლისთვის იბრძოდნენ, ძალიან ტრაგიკული ფაქტია.

უნდა გავაძლიეროთ კლინიკური მართვის ჯგუფის აქტივობა და საჭიროების შემთხვევაში უნდა გადავხედოთ მკურნალობის და კრიტიკული პაციენტების მართვის პროტოკოლს. რეანიმატოლოგების სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მსოფლიოში ლეტალობის მაჩვენებელი არის 2%, ჩვენ კი სტაბილურად ვინარჩუნებთ 1.36%-ს, რაც ჩვენი ექიმების პროფესიონალიზმის დამსახურებაა და აუცილებლად ყველა უნდა ვეცადოთ, რომ ეს მაჩვენებელი როგორმე შევინარჩუნოთ, ან გავაუმჯობესოთ,”- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

მსგავსი თემები