“საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, უარი თქვას ევროკავშირის დახმარებასა და ევროკავშირის დადგენილ პირობებზე, აჩენს კითხვებს” – ჯიმ რიში

სენატის საგარეო კომიტეტის რესპუბლიკელი წევრის, ჯიმ რიშის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ნაბიჯი, უარი თქვას ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე, კითხვებს აჩენს. ამის შესახებ რიშმა „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას განაცხადა.

„მთავრობის გადაწყვეტილება, უარი თქვას ევროკავშირის დახმარებასა და ევროკავშირის მიერ დადგენილ პირობებზე, აჩენს კითხვებს საქართველოს მომავალსა და კანონის უზენაესობაზე, რაც აუცილებელია თითოეული მოქალაქის დასაცავად“, – აცხადებს სენატორი რიში.

სენატორი 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების დაცვის აუცილებლობაზეც საუბრობს. ჯიმ რიშის თქმით,  ორივე პარტიამ უკეთესი პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად უნდა იმუშაოს.

„ორივე პარტიამ უნდა დაიცვას 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთება და იმუშაოს საქართველოში უფრო მშვიდობიანი და თანამშრომლობითი პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად, მათ შორის 2 ოქტომბერს, სუფთა და სამართლიანი ადგილობრივი არჩევნების ჩატარებით“, – აცხადებს სენატორი ჯიმ რიში „ამერიკის ხმასთან“.

მსგავსი თემები