“არის მომენტი, როდესაც შენს თავზე მაღლა უნდა დადგე, როდესაც შენი სამართლიანი პოზიციაც კი გვერდზე უნდა გადადო” – ნიკა მელია მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის შესახებ

შარლ მიშელის შეთანხმებიდან თითქმის 5 თვის შემდეგ “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დოკუმენტს ხელი მოაწერა.

ნიკა მელიამ და პარტიის წევრებმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისი ცოტა ხნის წინ დატოვეს. მთავარ ოპოზიციურ პარტიაში მიიჩნევენ, რომ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, სახელმწიფო რისკების შეფასების შემდეგ მიიღეს ეს გადაწყვეტილება – თუმცა “ნაციონალურ მოძრაობაში” ფიქრობენ, რომ მათთვის დოკუმენტში კვლავ მიუღებელია გარკვეული დებულებები. 

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში საგარეო კურსი იცვლება.

“ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა გარკვეულ დებულებებთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი დღეს მეასე და მეორასე ხარისხოვანია. არის მომენტი, როდესაც შენს თავზე მაღლა უნდა დადგე, არის მომენტი, როდესაც შენი სამართლიანი პოზიციაც კი გვერდზე უნდა გადადო და მიიღო სწორი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, ვინაიდან ჩვენ გვყავს უკვე ღიად დეკლარირებული ხელისუფლება, რომელიც არც კი ერიდება გააკეთოს ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები, რომელიც უბრალოდ ეწინააღმდეგება ჩვენს ტრადიციულ საგარეო კურსს. საგარეო პოლიტიკური კურსი იცვლება “ქართული ოცნების” პირობებში.

“ქართულ ოცნებას“ არ ვაძლევთ იოტისოდენა შესაძლებლობასაც კი, რომ 2 ოქტომბრის შემდეგ, 3 ოქტომბრის დილით რაიმე სახის ხელმოსაჭიდი ჰქონდეს და თქვან, რომ ისინი არ ჩანიშნავენ ვადამდელ არჩევნებს”, – განაცხადა იკა მელიამ.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ დოკუმენტი ვერ ანულირდება “ქართული ოცნების” მიერ, რადგან მსგავსი ტიპის დოკუმენტები, როგორიც არის 19 აპრილის შეთანხმება, არ ანულირდება.

შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიამ და და პარტიის წევრებმა შარლ მიშელის ინიციატივით მომზადებულ პოლიტიკური შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

პარტიამ ამ გადაწყვეტილების შესახებ გუშინ განაცხადა. იქამდე დოკუმენტს მხოლოდ ოპოზიციის ნაწილის ხელმოწერა ჰქონდა.

მსგავსი თემები