“საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს კანონის უზენაესობაზე” – ანდრიუს კუბილიუსი

ევროპარლამენტარები კრამონი და კუბილიუსი მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმაურებიან.

ევროპარლამენტარის, ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის მიკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღების პირობები არ შეასრულა.

ევროპარლამენტარი დახმარების მიღების ერთ-ერთ პირობად სასამართლოს რეფორმას ასახელებს და აცხადებს, რომ საქართველო ვერ იტყვის უარს იმაზე, რისი მიღების უფლებაც არ ჰქონდა.

„სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის მიკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღების პირობები: სასამართლო რეფორმა და ა.შ. ვერ იტყვით უარს იმაზე, რისი მიღების უფლებაც არ გქონდათ. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.

ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი კი აცხადებს, რომ დახმარებაზე უარი ნიშნავს, რომ ხელისუფლება უარს ამბობს კანონის უზენაესობაზე.

„ფინანსური დახმარების მოთხოვნაზე უარი ნიშნავს არა მხოლოდ იმას, რომ ქართველი ხალხი დარჩება ფინანსური დახმარების გარეშე, ასევე, ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს კანონის უზენაესობაზე, შესაბამის და გამართულ სასამართლო სისტემაზე, საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს, დანიშნოს მოსამართლეები ისეთი სახით, რაც შეესაბამება ევროპულ სისტემას. ეს ნიშნავს რომ საქართველოდ დარჩება ევროპული კანონის უზენაესობის სისტემის გარეშე… ამას პასუხი უნდა გაეცეს ქართველი ამომრჩევლის მხრიდან, რომელიც საკმაოდ კარგად ხედავს, რა არის საჭირო საქართველოსთვის”,- განაცხადა გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა” ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა.

მსგავსი თემები