„ქართულმა ოცნებამ“ თბილისში პარტიული რეიტინგისა და მერობის კანდიდატების შესახებ სოციოლოგიური კვლევების შედეგები გამოაქვეყნა

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისში პარტიული რეიტინგისა და მერობის კანდიდატების შესახებ სოციოლოგიური კვლევების შედეგები გამოაქვეყნა.კვლევა პარტიის სოციოლოგიურმა ჯგუფმა ჩაატარა.

კვლევის შედეგები მედიის წარმომადგენლებს უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ გააცნო.

„გვსურს, საზოგადოებას გავაცნოთ პარტიის სოციოლოგიური ჯგუფის მიერ თბილისში ჩატარებული მორიგი კვლევის შედეგები. პირველ რიგში, წარმოგიდგენთ პარტიული რეიტინგების შეწონილ მონაცემებს. კითხვაზე, „ხვალ რომ ადგილობრივი არჩევნები გაიმართოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას“, პასუხები შემდეგი სახით განაწილდა: „ქართული ოცნება“ 47,4;  „ნაციონალური მოძრაობა“ 25,2;  „გირჩი – მეტი თავისუფლება“ 4,9; „საქართველოსთვის“ 4,7; „მოქალაქეები“ 3,2; „ლელო“ 2,4, „პატრიოტთა ალიანსი“ 1,9; „ევროპული საქართველო“ 1,8; „სტრატეგია აღმაშენებელი“ 1,7; „გირჩი“ 1,1; „ლეიბორისტული პარტია“ 0,7; „ერთიანი საქართველო“ 0,7.  სხვა პარტიები 4,3.

ამ მონაცემებით, თბილისის საკრებულოს წევრთა 40 მანდატი პარტიებს შორის შემდეგი სახით განაწილდებოდა: „ქართული ოცნება“- 22 მანდატი;  „ნაციონალური მოძრაობა“- 12 მანდატი; „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „საქართველოსთვის“ და „მოქალაქეები“- 2-2 მანდატი.

შესაბამისად, თუ არჩევნები ამ შედეგებით დასრულდება, „ქართული ოცნებისა“ და კახა კალაძის გუნდი თბილისის საკრებულოში, მაჟორიტარების ჩათვლით, მყარ უმრავლესობას მოიპოვებს.

ასევე, წარმოგიდგენთ თბილისის მერობის კანდიდატების შეწონილ რეიტინგებს. კითხვაზე, „ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას“, პასუხები შემდეგი სახით განაწილდა: კახა კალაძე 60,1; ნიკანორ მელია 29,2; სხვა კანდიდატები 10,7. როგორც ხედავთ, კვლევის შედეგების მიხედვით, კახა კალაძე პირველივე ტურში დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს არჩევნებში.

გამოვთქვამთ იმედს, რომ სუსტი ელექტორალური მხარდაჭერის მიუხედავად, რადიკალურ ოპოზიციას ეყოფა კეთილგონიერება და არ მიმართავს პროვოკაციებსა და დესტრუქციულ ქმედებებს, რისი მომსწრეც ქართული საზოგადოება პრაქტიკულად ყველა წინა არჩევნების დროს არაერთგზის გამხდარა. ასევე, იმედი გვაქვს, რომ შეწყდება საუბრები არჩევნების გადადებაზე, რაც, უსათუოდ, ოპოზიციის მიერ საარჩევნო კაპიტულაციის წინასწარ გამოცხადებად იქნება აღქმული“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

სარჯველაძის ინფორმაციით, სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 21-დან 25 აგვისტოს ჩათვლით, შემთვხვევითი შერჩევით, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით. გამოიკითხა 2 958 რესპონდენტი, საიდანაც ფავორიტი პარტია გამოკითხულთა 79,2 პროცენტმა დაასახელა. ცდომილების ზღვარია სამი პროცენტი.

მსგავსი თემები