მამაკაცი, რომელზეც ამბობდნენ, რომ პოლიტიკური ნიშნით გაიტაცეს, სინამდვილეში ბიძასთან აღმოჩნდა

თელავში “ევროპული საქართველოს” წევრის შვილი, რომელზეც ამბობდნენ, რომ პოლიტიკური ნიშნით გაიტაცეს, სინამდვილეში თელავის ერთ-ერთ სოფელში, ბიძასთან იმყოფებოდა.

მამაკაცი, წუხელ პოლიციის განყოფილებაში დაკითხეს, რის შემდეგაც განაცხადა, რომ არანაირ გატაცებას ადგილი არ ჰქონია და მომხდარი მხოლოდ გაუგებრობაა.

კომენტარი გააკეთა მამაკაცის დედამაც, რომელმაც აღნიშნა, რომ შვილთან სატელეფონო საუბრის დროს ინფორმაცია არასწორად გაიგო. მან პოლიციას ოპერატიული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

ცნობისთვის: “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგა ბოკერია გუშინ გამართულ  საგანგებო ბრიფინგზე მომხდარს გატაცება უწოდა და პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა. 

“ჩვენ გვაქვს ზოგადი ვითარებიდან გამომდინარე და დამატებით, ოჯახის ინფორმაციაზე დაყრდნობით საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს შეიძლება იყოს კავშირში იმ პირებთან, რომლებიც ახლო ურთიერთობაში არიან ადგილზე “ქართული ოცნების” საარჩევნო მანქანასთან და “ქართული ოცნების” ადგილობრივ ხელისუფლებასთან. სახელდება ვინმე კუპრაშვილის გვარი.

ყველა შემთხვევაში, იმის მიუხედავად თუ რა გაირკვევა და რა არის მოტივი ამ დანაშაულის, ის ვითარება, რომელშიც შესაძლებელია, რომ კრიმინალურმა ჯგუფებმა ან კრიმინალური მისწრაფების ახალგაზრდებმა დღისით, მზისით მოიტაცონ, არის პირდაპირი პასუხისმგებლობა ივანიშვილის რეჟიმის,”-განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე გიგა ბოკერიამ.

მსგავსი თემები