თბილისის საქალაქო სასამართლო „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობის ბრალდებით პანკისში დაკავებული 5 პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობის ბრალდებით პანკისში დაკავებული 5 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება. სასამართლო მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ფაქტზე დაკავებულ ხუთივე პირს: უ.ც.-ს, მ.მ.-ს, რ.ქ.-ს, ჰ.ბ.-ს და რ.მ.-ს ბრალდება გუშინ წარედგინა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უ.ც.-მ, რომელიც იყო გაერთიანებული უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციაში „ისლამური სახელმწიფო“, ამავე ორგანიზაციაში გააწევრიანა მ.მ., რ.ქ., ჰ.ბ. რ.მ. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პირები სირიაში წასვლას და „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში საბრძოლველად მონაწილეობის მიღებას გეგმავდენენ.

„სამართალდამცველებმა ხუთივე პირი 24 აგვისტოს დააკავეს. მ.მ.-ს, რ.ქ.-ს, ჰ.ბ.-ს და რ.მ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უ.ც.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი თემები