“მობილობა, რომლის კონტროლიც შესაძლებელია, ნაკლებად საშიშია, რეგულირებად გარემოში არჩევნების ჩატარება მაღალ რისკებს არ უკავშირდება” – თამარ გაბუნია

არჩევნებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ორი ძირითადი ფაქტორის გათვალისწინება. ერთი, რომ არჩევნები ბუნებრივად უკავშირდება მეტ მობილობას და ამას რა თქმა უნდა, რისკების ზრდაც მოჰყვება, მეორე, ჩვენ ზედმიწევნით, ზუსტად დავიცვათ ის რეკომენდაციები, რაც სპეციალურად არჩევნების უსაფრთხოებისთვის არის შემუშავებული., – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მუშაობენ, რათა არჩევნებში მონაწილე პირებისთვის ვაქცინაციის პროცესი იყოს აქტიური.

ამასთან, გაბუნია ამბობს, რომ უსაფრთხო არჩევნებისთვის რეკომენდაციები შემუშავებული იყო გასულ წელსაც, რასაც კიდევ რამდენიმე რეკომენდაცია დაემატა.

„ვმუშაობთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რათა არჩევნებში მონაწილე პირებისთვის ვაქცინაციის პროცესი იყოს აქტიური, ასევე რეკომენდაციების დაცვის გარანტია გვქონდეს. ჯერჯერობით, ამის იქით რაიმე განსაკუთრებული რეკომენდაციები არჩევნებთან მიმართებით ჯანდაცვის სექტორს არ გაუკეთებია, თუმცა ეს მიმდინარე პროცესია და იქიდან გამომდინარე, თუ რა საჭიროება დადგება, შესაძლებელია, რომ ამაზე დამატებით გავიაროთ კონსულტაციები და ვიმსჯელოთ.

უსაფრთხო არჩევნების რეკომენდაციები ჩვენ გასულ წელსაც გვქონდა. წელს რამდენადმე შეიცვალა რეკომენდაციები, დაემატა ვაქცინაციასთან დაკავშირებული რეკომენდაციები, ჯანდაცვის სექტორის მხრიდან ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომ საარჩევნო პროცესში მონაწილე პირებს ხელი შევუწყოთ ორგანიზებულ აცრებში და მათ არ ჰქონდეთ ამ კუთხით შეფერხება. ასევე დაემატა სავალდებულო ტესტირება. სხვა დანარჩენი რეკომენდაციები, რაც აქამდეც იყო, ბუნებრივია, უნდა შესრულდეს“, – განაცხადა გაბუნიამ.

თამარ გაბუნიას თქმით, ეპიდემიის შემთხვევაში თუკი ხერხდება მობილობის კონტროლი, ნაკლბად საშიშია. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ინფექციის გავრცელების რისკი მაღალია უკონტროლო აქციების პირობებში.

„წინა არჩევნების შემდეგ იყო ძალიან მაღალი მობილობა, რაც უკავშირდებოდა ქუჩის აქციებს და ეს იყო ძალიან მაღალი ბუსტერი ეპიდემიის გავრცელების. ეპიდემიის შემთხვევაში ის მობილობა, რომლის კონტროლიც შესაძლებელია და რა გარემოშიც წესის დაცვა ხერხდება, ნაკლებად საშიშია. უკონტროლო აქციების პირობებში მაღალია ინფექციის გავრცელების რისკი. ეს იყო ძირითადი მკვებავი ინფექციის გავრცელების ნოემბერ-დეკემბერში. რა თქმა უნდა, პოლიტიკური პროცესები არის რთული და რისკი გარკვეულწილად  ყოველთვისაა. ჩვენ ვსაუბრობთ რეგულირებად გარემოში არჩევნების ჩატარებაზე, რაც შესაძლებელია, რომ გაკონტროლდეს, ეს რა თქმა უნდა, თავისთავად მაღალ რისკებს არ უკავშირდება, რადგან რისკების გადაზღვევა შესაძლებელია“, – აღნიშნა გაბუნიამ.

მსგავსი თემები