სააპელაციო სასამართლომ ზურაბ ზვიადაურის ადვოკატების საჩივრის განხილვაზე უარი თქვა

სოფელ წინანდალთან განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ ზურაბ ზვიადაურსა და მის ადვოკატებს სააპელაციო სასამართლომ საჩივრის განხილვაზე უარი უთხრა. ზვიადაურის ადვოკატების ინფორმაციით, ისინი ასაჩივრებდნენ 18 აგვისტოს სასამართლოს პირველი ინსტანციის მიერ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას და ასევე საჩივართან ერთად, ადვოკატების ცნობით, მათ წარადგინეს თავდებობის სია.

ადვოკატი სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულებაში განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ზურაბ ზვიადაურთან შეხვედრას აპირებს. ისინი ისაუბრებენ, გაასაჩივრებს თუ არა მხარე გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

„სააპელაციო სასამართლომ უარი გვითხრა საჩივრის განხილვაზე. განიხილა სხვა საკითხები, რომლებიც შემხებლობაში არ იყო ჩვენს დავასთან, აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო და ის მოქმედი კანონმდებლობით აღარ საჩივრდება. შესაძლებელია, მისი გასაჩივრება მოხდეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და ამასთან დაკავშირებით ვისაუბრებთ ზურაბთან“, – განაცხადა ადვოკატმა ტარიელ მურმანიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ სოფელ წინანდალთან განზრახ მკვლელობის ფაქტზე ზურაბ ზვიადაურს და ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ერთ პირს ჯაბა ჯანგირაშვილს ბრალი 18 აგვისტოს წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2021 წლის 16 აგვისტოს, თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, ე.წ. მუხიანის ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა.

„ვ.ც.-მ ჯ.ჯ.-ს კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რა დროსაც დაპირისპირებაში მონაწილე ნ.კ.-ის მხრიდან საპასუხო სროლის შედეგად ვ.ც. და ზ.ზ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო – ზ.მ. და ა.შ. სხეულის სხვადასხვა არეში დაიჭრნენ. მომხდარი დაპირისპირებისას, ასევე კონფლიქტში მონაწილე ზ.ზ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის დროს, სასიკვდილოდ დაჭრა ნ.კ. სამართალდამცველებმა ზ.ზ. და ჯ.ჯ. 17 აგვისტოს დააკავეს. ზ.ზ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულ ჯ.ჯ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით წარედგინა (ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რითაც შეიქმნა პირობა მისი სხვა პირის მიერ გამოყენებისათვის, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია), რაც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თელავის რაიონულ სასამართლოს დღესვე მიმართავს“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

ზურაბ ზვიადაურს და ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის ბრალდებულ ჯაბა ჯანგირაშვილს სასამართლომ აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა.

მსგავსი თემები