ვაკეში მიწის მასა ჩამოიშალა და სამანქანე გზის ნაწილი ჩაინგრა

ვაკეში, წყნეთის მე-5 შესახვევში საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ მიწის მასა ჩამოიშალა და სამანქანე გზის ნაწილი ჩაინგრა. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს ორსართულიანი შენობის მშენებლობა. ადგილობრივების განცხადებით, მიწის ჩამოშლა სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სამშენებლო ობიექტის ტერიტორია მეწყერსაშიში ზონაა. სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელების თქმით კი მშენებლობის ნებართვის საფუძველზე გეგმით გათვალისწინებულ სამუშაოებს ასრულებდნენ, კერძოდ, გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა მიმდინარეობდა. მათივე თქმით, აღმოჩნდა, რომ სამანქანე ასფალტის ზედაპირი ნაყარ მიწაზე იყო დაგებული და რამაც მიწის ჩამოშლა გამოიწვია.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის მერიის წარმომადგენლები და ვაკის გამგებელი დავით კვინიკაძე. კვინიკაძის განცხადებით, შემთხვევას მუნიციპალური ინსპექცია შეისწავლის.

„ნებართვა გაცემულია კანონის ყველა მოთხოვნის დაცვით. არსებობს ყველანაირი გეოლოგიური კვლევა, აქედან გამომდინარე, გრძელდებოდა სამშენებლო პროცესი. ამ ფაქტის შემდეგ სამუშაოები შეჩერდა. მუნიციპალურმა ინსპექციამ დაიწყო კვლევა, გაიცემა დავალება სამშენებლო კომპანიის მიმართ, რომ მოხდეს ფერდისდამჭერი კედლის აშენება და შესაბამისი ღონისძიებები გატარდება. შემთხვევა სავარაუდოდ სამშენებლო კომპანიის დაუდევრობის გამო მოხდა. ამაზე მიმდინარეობს კვლევები, იქნება შესაბამისი დასკვნები და გადაწყვეტილებებსაც ამის მიხედვით მივიღებთ. მანამდე კი მშენებლობა შეჩერებული არის“, – განაცხადა დავით კვინიკაძემ.

მიწის მასის ჩამოშლის ადგილზე გადის გაზის მილსადენი, თუმცა როგორც ცნობილია, შემთხვევის შედეგად მილი არ დაზიანებულა. ადგილზე იმყოფებიან თბილისი ენერჯის ბრიგადები. მათი განცხადებით, ამ დროისთვის უსაფრთხოების მიზნით 130-მდე ოჯახს გაზის მიწოდება შეუწყვიტეს, თუმცა ბუნებრივი აირის მიწოდება 3-4 საათში მოხდება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მსგავსი თემები