“დრამატული სიტუაციაა, ღამე ვეღარ ვიძინებ, ჟანგბადდამოკიდებული პაციენტები მიდგას თვალწინ” – მარინა ენდელაძე

ეპიდემიოლოგები ქვეყანაში არსებული რთული ეპიდვითარების ფონზე საზოგადოებას მაღალი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებენ.

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში სიტუაცია დრამატულია. მარინა ენდელაძის განცხადებით, ყველა პაციენტი, რომელიც სტაციონარში იმყოფება ჟანგბადდამოკიდებულია.

“ეს შტამი გამოდგა, როგორც უკვე ვიცით ყველამ, მძიმე. ბევრი არის ახალგაზრდა დამძიმებული და ძალიან საყურადღებოები. სტაციონარში უკვე აღარ გვყავს ჩვენ ის პაციენტები, რაც წინა პერიოდში. თითქმის ყველა ჟანგბადდამოკიდებულია. პაციენტი, რომელიც ჟანგბადდამოკიდებული არ არის არც თავსდება სტაციონარში, თუ რაიმე სხვა გართულების საშიშროება არ არის.

აი რა გითხრათ, დრამატული სიტუაციაა. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ ისე გადავიღალეთ და ჩვენი ემოციური სფერო იმდენად დაიძაბა, რომ მე ღამე ვეღარ ვიძინებ. როდესაც დავიძინებ ჟანგბადდამოკიდებული პაციენტები მიდგას თვალწინ. ძალიან რთული სიტუაციაა, რაღაცა გამოსავალი უნდა ვნახოთ,” – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მსგავსი თემები