“ყოველი 1000 ადამიანიდან, ვინც ავად გახდება, 10-13 დაიღუპება” – პაატა იმნაძე

ქვეყანაში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი კვლავ მაღალია. მხოლოდ გასულ 24 საათში COVID-19-ს 60 ადამიანი ემსხვერპლა. გამოვლინდა 2354 ახალი ინფიცირებული, გამოჯანმრთელდა 5200 პირი. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 17 670 ადამიანი აიცრა.

ჯანდაცვის მინისტრი და დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები წინანდალში საგანგებო ბრიფინგს მართავენ, ეკატერინე ტიკარაძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებსა და პედაგოგებს ხვდება. 

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე რეგიონებში კოვიდვითარების შესაძლო დამძიმებაზე საუბრობს და ვაქცინაციის აუცილებლობას უსვამს ხაზს:

“კახეთში შეიძლება იყოს არასასიამოვნო პროგნოზი, იმიტომ რომ მობილობა საკმაოდ დიდია, მოგეხსენებათ რთველი იწყება. დიდი იმედი მაქვს კახელების სიბრძნის და ისინი, ვიცი, რომ კარგად ჩაებმებიან აცრების კამპანიაში. ლოკდაუნის საკითხი არ განიხილება, განიხილება ის, რომ გამკაცრდეს არსებული რეგულაციები და დაემატოს ის რეგულაციები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკაზე არ მოახდენს დამღუპველ ზეგავლენას. ყოველი 1000 ადამიანიდან, ვინც ავად გახდება, 10-13 დაიღუპება,” – აცხადებს პაატა იმნაძე.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე ამბობს, რომ მონიტორინგი და კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს, თუმცა დარღვევები კვლავ ხდება. ფერაძის თქმით, რეგულაციების კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება.

მსგავსი თემები