ცინცაძე-კარტოზიას ესტაკადის მშენებლობის ძირითადი სამუშაოები დასრულდა

თბილისში, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მშენებლობის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. უახლოეს დღეებში გზის საფარის დაგება დაიწყება. პროექტის ფარგლებში, ასევე, მოეწყობა თანამედროვე ენერგოეფექტური განათების სისტემა, არსებული გამწვანების მიმდებარედ კი – სკვერი.

პროექტის თანახმად, გზაგამტარმა ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოდ და შეუფერხებლად მოძრაობა უნდა უზრუნველყოს, საბურთალოს რაიონის ცენტრალურ ნაწილში საცობების განტვირთვას და ტრანსპორტის გადაადგილების დროის შემცირებას შეუწყოს ხელი.

“ეს მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ძალიან მალე დასრულდება. ამ კონკრეტულ მონაკვეთს მიეცა შესაძლებლობა, ავტომობილებისგან განიტვირთოს და გადაადგილება თავისუფლად იყოს შესაძლებელი. აქ მოეწყობა სპეციალური კუნძულები, რომლებიც გამწვანებული იქნება. ასევე, დაირგვება ახალი ნარგავები, ხეები და მგონია, რომ მართლაც საკმაოდ ლამაზი პროექტი გამოვა. სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს დასრულება. პროექტის განხორციელებისთვის დაახლოებით, სამი მილიონი ლარი დაიხარჯა”, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ, მიმდინარე სამუშაოების ადგილზე დათვალიერებისას.

აღსანიშნავია, რომ სამშენებლო სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „ქონსთრაქშენ სერვისი“ აწარმოებს. ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობაზე თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 2 968 952 ლარი დაიხარჯება.

მსგავსი თემები